Sunday, March 28, 2010

ამბავი თბილისური ავტობუსისა... უფრო ზუსტად - ჩემი გადარჩენილი ფეხისა!

პასუხად პირწიგნაკზე (ფეისბუქზე) ჩემი უცნაური სტატუსით დაინტერესებულთ!

მოკლედ, ამბავი ასე იყო:
მეგობრებო, დამერწმუნებით, ძალიან იშვიათად ვწყალობ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. ძალიან კი მომწონს, როცა უმშვენებს ფეხს მანდილოსანს, მაგრამ დაბლებზე უფრო კარგად ვგრძნობ თავს.


გუშინ საგაზაფხულო ხასიათმა თავისი ჰქნა - ჩემი მაღალი ქუსლებით (ლიკასა და სხვათათვის მაინც საშუალოზე დაბალი იქნებოდა :)) გავემართე მეგობრებთან შეხვედრაზე... ავტობუსით! დიდი ავტობუსით! (ანუ არა პატარა ბოგდანით). დანიშნულების გაჩერებაზე შუა კარიდან ჩამოვდიოდი: ერთ საფეხურზე წარმატებით ჩამოვდგი მარცხენა ფეხი, მეორეზე - მარჯვენა, ასფალტზე კვლავ მარცხენა და, შესაბამისად, მარჯვენაც უნდა ჩამოვდგა, მაგრამ ნურას უკაცრავად - მთელი ქუსლის სიღრმეზე გაბზარულ კიბის საფეხურში ჩაერჭო ჩემი ბაჩი. ვეცადე, მაგრამ ფეხი არ მომყვება. მოგეხსენებათ, მძღოლები როგორ უყურადღებოდ დადიან, ვაითუ ვერ შეამჩნიოს რა დავიდარაბაში ვარ და დაძრას-მეთქი, ხომ მომტყდა ფეხი! ისიც მინახავს, შუა კარიდან ნახევრად ავტობუსში ასულ ადამიანს ეს ნახევარი ტანი და თავი როგორ მოაყოლა ერთმა მძღოლმა კარში, დაძრა ავტობუსი და კარიც მიკეტა ჭკვიანმა. რა კივილი ავტეხე მაშინ...

ჰოდა, რას ვამბობდი... ჰოოო, აქ კივილი არ მიცდია. სასწრაფოდ ამოვდგი ფეხსაცმლიდან ფეხი და ახლა ცალფეხშიშველი დავეჭიდე და გვარიანი ჯაჯგურის შემდეგ ამოვაძვრინე ჩემი ფეხსაცმელი!.. სულელივით გაღიმებული გავუყევი ქუჩას... არადა, შეიძლებოდა, მართლა ცუდად დამთავრებულიყო...

ახლა რომ ვუფიქრდები - მაღალი ქუსლიც არაა საჭირო, კედიანი ფეხის ქვეშაც წარმატებით შეიძლება გამოგეცალოს ავტობუსის იატაკი და ფეხით ასფალტზე აღმოჩნდე. ვაითუ, ტრანსპორტის მოძრაობისას მოხდეს ეს!.. არადა მახსოვს, რამდენჯერმე ნახევრადცარიელ ავტობუსში ასულს ძლივს მიპოვია დასაჯდომი. რატომ? - დამცინავად მიღიმოდა ასფალტის ნაცრისფერი სახე სკამის ქვემოდან და შემაჟრჟოლებლად ფართხალებდა მოხმარებიდან ამოსაღები ავტობუსის გაცრეცილი, ქაღალდის სისქე იატაკის ნაგლეჯი...
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცვლი მოწოდება-სტატუსს!
ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მდიდარი თუ ღარიბი, უფრთხილდით დიდ ყვითელ ავტობუსებს... როდესაც ამ ავტობუსით მგზავრობთ!

რამე ზომა უნდა მივიღო!

ფოტო: http://www.heretifm.com/upload/picture/d4a010102a5eae20d65fe03418fda8d4.JPG

Monday, March 1, 2010

გაზაფხულდა!

გილოცავთ! გაზაფხულდა!