Wednesday, February 24, 2010

სურვილების ყულაბა

გიორგი შალამბერიძე

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად - ნუშის ბაღნარი, საბნად - თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.













ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

















გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი - მზის სხივს.



















ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.



მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.
























მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.


















წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი.



















ფოტოები:
სახლი: www.bakuriani-hotel.com/geo/
ვენახი: http://vinoge.com/archive/all/2009/3/14
წისქვილი: სოსო მელაძე, http://www.graf.ge/uploads/1263154267/tn_gallery_369_3_209259.jpg
ტყეში გოგონა: http://images2.fanpop.com/images/photos/3000000/Girl-Reading-in-a-Forest-books-to-read-3033292-449-604.jpg
ცხენები: მე :)

Tuesday, February 23, 2010

მეშინია

მურმან ლებანიძე


ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი!



დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!


Monday, February 8, 2010

2010-ში თავი უნდა მოვაბა და:

1. ვიფრინო - ამაში მეგობარი დამეხმარება!
2. აღმოსავლეთ მთიანეთი დავლაშქრო - გაზაფხულდეს ჯერ!
3. საკუთარი თავისთვის დისციპლინა შევიმუშავო და დავიცვა - ჯერ არაფერი გამოდის, გვიან ვიძინებ და იმ დროს ვიღვიძებ, რომ სამსახურში ვიგვიანებ...
4. რამდენიმე ახალი კერძი მოვამზადო - ამას მალე მივხედავ!

ნელ-ნელა გავაგრძელებ სიას, საჭიროა!

Friday, February 5, 2010

სავსე დღე!

გუშინ ყველაზე სავსე და სიახლეებით დატვირთული დღე მქონდა.
ნამდვილად ემუქრებოდა, რომ ყველაზე სევდიანი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში.
საღამოს 8 საათიდან 12-მდე ყველაზე სავსე დღე ჩაეტია!
და, აი, რატომ:
პირველად ვიყავი მთაწმინდაზე წყალსადენში. პირველად წარმოვიდგინე ის ნაძვნარი როგორი ლამაზი იქნება დათოვლილი... სარეკლამო ფოტოებზე რომ არის, აი, იმაზე უკეთესი... პირველად დავინახე ღამის თბილისი ასეთი დიდი და ლამაზი!
გავიცანი ზურა, გულიანი ზურა! და პირველად ვნახე, როგორ უხარიათ მართლა გულწრფელად, მთელი სულით და გულით დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვა, როგორ იგონებენ, რამდენად აკლიათ მასთან ურთიერთობა. ასეთი გულიანი "ქეიფიც" პირველი იყო!
მოვისმინე მოხუცი ვახტანგის და მისი მეუღლის ამბავი... ახლაც 20 წლის ჭაბუკივით და ქალივით რომ შესციცინებენ ერთმანეთს, უყვართ და აღმერთებენ... რომ ეს, სამწუხაროდ, ძალიან მალე დასრულდება :(
პირველად ვნახე სტალინის ძეგლი, გადამალული ტყეში ნაძვებთან და შემეცოდა. მიტოვებული იდგა, სახეც წაშლილ-ჩამოშლილი ჰქონდა და აღარც ძლევამოსილი ხელები ჰქონდა... შემეცოდა, ვიფიქრე, ასე არ უნდა გაწირო-მეთქი! სჯობს, გაანადგურო!
პირველად დავთესე დარდი ვაშლიჯვრის სიშავეში! ისე, რომ მოსავალი ვერ მოვიმკა!
კოშკურაზე პირველად გავითბე ხელები ცხელი ჩაით. ისეთი ძლიერი ყინვა და ქარი იყო, რომ... მაინც ვერაფერს დაგვაკლებდა! ადამიანური სითბო ყველაზე ძლიერია!
პირველად მივაკითხე ჩემი სახელობის წყაროს ტელევიზიის ანძის ქვეშ!
პირველად ჩავატარე საგზაო-სამშენებლო-დამანგრეველი სამუშაოები! ღამით გმირთა მოედანზე ფორმიანი გოგო ხომ არ დაგინახავთ, ერთ ბიჭთან ერთად ბეტონს თუ ასფალტს რომ ანგრევდა, იქვე კი ერთი 4 გზის ხელოსანი იდგა და გაოცებულ-გაღიმებული უცქერდა? ჰოდა, მანდ ახალი და თანამედროვე გზა რომ გექნებათ, ჩვენი ნამუშევარი იქნება ეგ! :)
გუშინ იყო ყველაზე პირველი პირველი და ყველაზე სავსე დღე!
იმიტომ, რომ მე ყველაზე კარგი მეგობარი მყავს!
გაუმარჯოს წივწივას!

Wednesday, February 3, 2010

შეგონება საკუთარ თავს - ავატარი

ადამიანი ყველაზე მეტად თავისუფალი მაშინ არის, როდესაც ყველაზე მეტად ახლოა ბუნებასთან და გრძნობს მას, მისი ყოველი ქმნილების სუნთქვასა და გულისცემას!
თუმცა, არც ვიცი, მართებული თუა ასეთი სიტყვათშეთანხმება - „ყველაზე მეტად თავისუფალი“. თავისუფალი ან ხარ, ან არ ხარ!.. ჰოდა:
თავისუფალი მაშინ არის ადამიანი, როდესაც ბუნებასთან ახლოა!
თავისუფალი ვნებებისგან... თავისუფალი შიშისგან... ფსევდო ღირებულებებისკენ სწრაფვისგან...

უნდა გრძნობდე და გესმოდეს ბუნების, რათა მისგან საუკეთესოს მიღება შეძლო. და მადლიერებით და სიყვარულით უნდა ეგებებოდე ყოველივეს, რასაც იგი შენთვის თმობს! უნდა გაუფრთხილდე და არ იღორმუცელო!

სამყარო ერთიანია, მისი განუყოფელი ნაწილი ვართ! ეს ერთიანობისგან დანაწილება დროებითია და, მოვა დრო, როცა მიღებულ „ენერგიას“ უკან დავაბრუნებთ! ერთი გახდება ყოველი!

იცხოვრე ისე, რომ ყოველთვის გახსოვდეს, შენ არ ხარ მარტო! შენ გარშემო უთვალავი არსება სახლობს... და მათ შორის მხოლოდ ერთი, პატარა წერტილი ხარ! ამ წერტილის ცუდმედიდურობას კი სამყაროს მთელი ჰარმონიის დარღვევა ძალუძს!

ბუნება (გონი) გულმოწყალეა და ამავე დროს სასტიკი! არ გაპატიებს მისი ქმნილების შებილწვას და უმადურებას!

გონებას უხმე და აწონ-დაწონე ყოველი ქმედება, ფიქრიც კი! ისე იცხოვრე, რომ ამ ჰარმონიას ბზარი არ შეაპარო და დიდი უბედურება არ დაიტეხო თავს!

ეს ძალიან რთულია და თან ამავე დროს უმარტივესი!

საჭიროა მხოლოდ - გიყვარდეს! ყველაფერს სიყვარულით უცქერდე და იქმოდე!

ფიქრობთ, რაიმე ფილოსოფიური წავიკითხე ამას წინათ?

არა! „ავატარს“ ვუცქირე გუშინ! და ჰარმონიული არსებობის ის წესები ამოვიკითხე, რაც ზემოთ მოგახსენეთ! არ ველოდი! ისეთ ფილმებს არ ვწყალობ ხოლმე, სადაც დიდი ნაწილი მოჭარბებული ფანტაზიის ნაყოფია. „ავატარში“  ნახევარზე მეტი სწორედ ასეთი ფანტაზიააო, იფიქრებს მავანი, არადა იქ გამოგონილი არაფერია! სრული რეალობაა! დანახვა უნდა!

ძალიან კარგი ფილმია! უნდა ნახოთ! და სპეც-ეფექტების მიღმა უნდა დაინახოთ!



ფოტოს წყარო: http://www.avatarmovie.com/index.html

Tuesday, February 2, 2010

ევა კესიდი (Eva Cassidy) - ჩემთვის დღეს დაიბადა ახალი ხმა და ახალი შესრულება!

სრულიად შემთხვევით დღეს აღმოვაჩინე მომღერალი Eva Cassidy.
ერთ-ერთი საყვარელი სიმღერის, "Autumn Leaves" შესრულების სხვადასხვა ვერსიას ვუსმენდი და... ამას წავაწყდი! აქ დაიბადა ევა ჩემთვის, იმ წუთას. თუმცა, რეალურად ზუსტად 47 წლის წინ დაბადებულა, 1963 წლის 2 თებერვალს (საოცარი დამთხვევაა!). გარდაიცვალა 33 წლის, 1996 წლის 2 ნოემბერს. საყოველთაო აღიარება კი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. მანამდე კი აღიარებული და დაფასებული იყო მშობლიურ ვაშინგტონში.

საოცარი, გულში ჩამწვდომი ხმა აქვს და ორიგინალურად, ყველასაგან განსხვავებულად ასრულებს საყოველთაოდ ცნობილ სიმღერებს...

მოუსმინეთ!