Saturday, October 30, 2010

მე ახლა...

ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ასეთია უფრო ხშირად...
ცაში დავფრინავ ჭრელადა... :)
არა, პეპელა არ გეგონოთ... მე ვარ... რაპუნცელი ვარ!
მმმმ!!!!

Tuesday, September 14, 2010

ჩარლი ჩაპლინი, წერილი ჯერალდინას

წერილი, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩარლი ჩაპლინმა მისწერა საკუთარ ქალიშვილს - ჯერალდინას

მადლობა რეზოს, რომლისგანაც ამ წერილის თაობაზე შევიტყვე!
 







ჩემო გოგონა, 

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან... მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!


... იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! - ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: "გამშორდი! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან!" მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: "ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?"

ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით... მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება - ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: "ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?" შენ არ მიცნობ მე, ჯერალდინა... იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია... ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი ... მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ - ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!...

... ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ, რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: "მეც ერთ-ერთი ამათთაგანი ვარ!"

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს - შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლესათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს...

ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ... მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს - ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა...

ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა... ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.

ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული...
სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი... სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე...

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს... ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო...

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე - იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი. 
ფოტოს წყარო: http://www.desertrosebooks.com/images/pileofoldletters.JPG

Friday, July 23, 2010

გელა დაიაური ...

* * *
ვიგონებ: მთებია, ნისლები,
ჯიხვი ხტის, ჩანჩქერი რაკრაკებს,
სხივები, სხივები - მზის დები ...
ქალაქში? - ქალაქში დავკარგე.

სულში კვლავ მთის ნატვრა მოძვრება,
ქალაქმა მიმონა ყრმა ურჩი,
დავკარგე ფიქრი და ოცნება,
სიჩუმეც დავკარგე ხმაურში.

მთა ვიყავ, ახლა რა - ნაკუწი,
ფრესკა ვერ დავქარგე ქალაქში,
დავკარგე სინდისი, ნამუსი,
სიწმინდე დავკარგე ქალაქში.

მპარავს ვერ დაიჭერს გონება,
ჟამია სიბრმავის მწიფობის,
გამქურდეს და იმ ჩემს ქონებას
ზაფხულში კვლავ მთებში ვიპოვი.

Saturday, July 3, 2010

ქარის მოტანილი წერილების დღე - 4 ივლისი

მეგობარმა გამომიგზავნა დღეს შეტყობინება, რომელიც ქვემოთ მომყავს...
ჰოდა, მე ვაპირებ, რომ ქარს ბარათი გავატანო 4 ივლისს, რომელსაც შემთხვევით ადრესატთან მიიტანს...
თქვენც დაწერეთ წერილი და გააგზავნეთ...
მაშ, ასე - შეტყობინება:

ზაფხულის მეორე თვის პირველ კვირა დღეს, ანუ რომ დაღამდება და გათენდება და კიდევ დაღaმდება და გათენდება და ნიავი რომ არ იძვრის, ქარის მოტანილი წერილების დღეა.




















უთხარით თქვენს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და მეგობრების მეგობრების მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, უთხარით ყველას.

დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი.
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ.
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები.
დატოვეთ ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსის მძღოლებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.

გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ "ქარის მოტანილი წერილი" და გაუშვით.

ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით.

სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.

Tuesday, June 1, 2010

ერთ შაბათ დღეს: სამშობლო დიდებული... შენია და თან შენი არ არის...

ეს შაბათი დღე განსაკუთრებული გამოცხვა. არა, დიდებულ და ლამაზ ადგილებს ხშირად ვსტუმრობ მეგობარ კარაველებთან ერთად, მაგრამ ასეთი "პენსიონერული" გასვლა პირველი იყო. დავისვენეთ, ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით. :)
დილითაც ადრე არ გავსულვართ, გამოძინებაც მოვასწარით და გავეშურეთ ჯერ სამთავისისაკენ, შემდეგ სხვილოს ციხეზე ასვლა გვქონდა გეგმაში და ნადარბაზევის ტბის მონახულება. სამთავისთან ახლოს ქართველმა სამართალდამცველებმა მკაცრად გაგვაფრთხილეს, სხვილოს ციხეზე ასვლა არ გაბედოთო... ახლოს რუსებს გზა გაუჭრიათ და სახიფათოდ მიაჩნიათ. არადა ციხე იქვე მოჩანს, წამოსკუპებული. სულ ცოტა დრო უნდოდა, რომ ფეხით ასულიყავი. ციხე კასპის რაიონს ეკუთვნის. აი, ეს არის, თან შენია და შენი რომ არაა... ეს კიდევ იმაზე უარესი განცდაა, რაც ლომისობას ვიგრძენი, 26 მაისს. მთის თავზე ადიხარ, გადასცქერი იქით ქსნის ხეობას და... რაღაც დაჩეხილივით ვიყავი - იქით უკვე ჩვენ აღარ მიგვესვლება! ეს უნდა შეიცვალოს! ღვთის შემწობით და ჩვენი მეცადინეობით! სიტყვა გამიგრძელდა...


სამთავისის ტაძარი 1030 წელს ყოფილა აგებული. გარშემო რამდენიმე ნაგებობის ნაშთია კიდევ. ტაძარზე ჩუქურთმებია, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფასადზე დამამუნჯებელი... აი, ასეთია:

ფოტოების ავტორი: ლიკა ტაბუცაძე

რადგან სხვილოს ციხეზე ასვლა ჩაგვეშალა, ნადარბაზევის ტბისაკენ გავეშურეთ და გზაშივე გადავწყვიტეთ, იქვე დავრჩენილიყავით და ამ დღეს განსაკუთრებულად პასიურად დაგვესვენა. გზად ასეთი ლამაზი მინდორიც ვნახეთ და, რა თქმა უნდა, ფოტოებიც გადავიღეთ:





















ფოტოების ავტორი: ლიკა ტაბუცაძე












ნადარბაზევის ტბა ძალიან ლამაზია. გარშემორტყმული ხასხასა მდელოებით, აქა-იქ ყვითელი ყვავილების ხალიჩით. ახლოსვე არის პატარა ტყის კორომები, ჩრდილში თავს სასიამოვნოდ შეაფარებ მცხუნვარე მზისაგან. პატარა ფაცხაც გაუკეთებია ვინმე მადლიანს, სადაც გემრიელად წავიხემსეთ, მფრინავი თეფშითაც ვითამაშეთ, მზესაც მივეფიცხეთ და საღამომდე დავრჩით ამ სასიამოვნო ადგილას.
მოსაღამოვებულზე კი ისეთი ლამაზი იყო ტბა, მისი დატოვება დამენანა...
ტბასთან კვლავ დადებითად აღვსილი დავუბრუნდით ქალაქს. წამოსვლამდე კი იყო ეს:


ფოტოების ავტორები: ზვიადი და ალექსანდრე
თუკი ქალაქგარეთ დასვენებას ისურვებთ, ისე, როგორც ჩვენ, შეგიძლიათ ნადარბაზევის ტბისკენ გაეშუროთ. ტბაში თევზაობაც შესაძლებელია.  მეთევზეებიც ვნახეთ, ჩვენ თვალწინაც დაიჭირეს რამდენიმე თევზი. 
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ! ზაფხულიც დადგა! ;)

Tuesday, May 25, 2010

***

ექსპრომტად (დაჩივლებას ვაპირებდი , რომ ლექსებმა დამტოვეს... საუკუნეა, არაფერი დამიწერია... და შემომეწერა)

რას ამეკვიატე?!
არ ვარ მე საშენო...
არც შენ ხარ საჩემო -
გზები გვაქვს სხვადასხვა.

მერე რა, თუ შევხვდით,
თუ გამიღიმილე,
თუ კვეთს ბილიკები
ერთმანეთს ხანდახან.

შენ ავსებ ვარდებით
შენს ლამაზ ასულებს,
მე ცისფერ კესანებს
მიწაში ვაბრუნებ.

ცის გაშლილ მდელოზე,
მე ვარჩევ ყვავილებს,
თან ისე, არ მინდა
სათვალის მორგებაც.
შენს ტელესკოპში კი
არ ჩანს ზღაპრის მთები.
მარტო ცის სხეულებს
ხედავ დიდ ზომებად.

რას ამეკვიატე?!
............................
აბა, შენ რა იცი...
............................
მე აგიკვიატე...
მალევე გაგიცლი?..

რა ვიცი, რა ვიცი...

Wednesday, May 19, 2010

რისკიანი? - შესაძლოა! ყოველ შემთხვევაში - დიდებული და ახალი!

აბა, რაზე უნდა დავწერო ახლა? :)
ორიოდ დღის წინ, დილით, ინგლისურის გაკვეთილზე თემამ მოიტანა და რისკის შემცველ ქმედებებზე უნდა გვესაუბრა, რომლებიც ჩვენ ან ჩვენს მეგობრებს ჩაუდენიათ.
ერთმა - გათხოვება იყოო ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაშიო, მეორემ მანქანის ტარება ახსენა და ასე.. დადგა ჩემი ჯერი და მეც ამაყად განვაცხადე, რომ ამ კვირას კლდეზე ვიცოცე! დიახაც!
აი, ფაქტები:



ფოტოების ავტორი Mta Mkvarebia


ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კლდეზე ცოცვა ასეთი სასიამოვნო იქნებოდა, შეიძლება ითქვას, აზარტული. სიმართლე რომ ვთქვა, არ შემშინებია... ქვემოთ დაცვაზე გამოცდილი ჯოკონდა იდგა და მამხნევებდა მისი და გოგონების შეძახილები. ადვილი ნამდვილად არ არის. ფეხისა და ხელის კარგ მოსაჭიდს რომ პოულობ და ზემოთ მიიწევ, ისეთ სიხარულს განიცდი... რა ვიცი, რას შევადარო...
ეს დღე ჩემი მეგობრების დამსახურებაა.
საცოცი ბილიკები კაცხის სვეტთან ძალიან ახლოსაა, ჭიათურასთან.
უამრავი ბილიკია, მათ შორის ერთი დიკლო9-ის სახელობის. ჩვენმა მეგობარმა, წივწივამ, თავის მეგობარ მეკლდეურებთან ერთად გააკეთა ეს ბილიკი. სწორედ დიკლო9-ის ხსოვნის აღსანიშნავად გავმართეთ ცოცვაში შეჯიბრი 16 მაისს. გოგონები ამ მარტივ ბილიკზე ვეჯიბრებოდით, ფოტოებზე რომელიც ჩანს, ბიჭები - შედარებით რთულზე. იქაც მოვსინჯე ძალები, მაგრამ ჯერ ვერ. ის კი ცხადია, რომ ძალიან მიმიზიდა მეკლდეურობამ.
დიდებული მზიანი დღე იყო. სანამ ცოცვას დავიწყებდით, გზად ვნახე ულამაზესი და ძალიან საინტერესო მღვიმევის მონასტერი, მღვიმეში არსებული ტაძრით, ასევე კაცხის მონასტერი, ვიმგზავრეთ საბაგიროთი და ჭიათურის მანგანუმის მაღაროც მოვინახულე. კაცხის სვეტზე მხოლოდ ბიჭები ავიდნენ, ქალებისთვის არ არის მიღებული იქ ასვლა. ჩვენ შორიდან დავტკბით იდუმალ კაცხის სვეტზე აღმართული ეკლესიით.
დიდებული დღე იყო!
აი, ჩვენ დღის ბოლოსკენ, კაცხის სვეტის ფონზე:

ფოტოს ავტორი Killroy13

Thursday, May 6, 2010

ლევან ვასაძე - ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ!




ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ!
შენი შვილების თვალებში მნახე.
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან,
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში,
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.

ბედნიერებამ მითხრა: რად მეძებ!
მე ხომ მეგრული ნანები მქვია,
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია.
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო.
სტუმრის გულიან მოსაფერეთის,
უარყოფა ვარ სოფლის საამო.
ის ქალაქი ვარ, ქარის მცნობელი,
გულით ბაგრატის გუმბათისხელა,
ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი,
ზრდილობიანი ვარ საპოვნელა.
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური.
უშბის კალთა ვარ, მეწყრად დაშლილი
და აქაფებულ ენგურს ნაწური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი,
გერგეტის მზე ვარ, მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში.
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული,
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ.
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერმოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არგუებული
შენი ერთგული აჭარელი ვარ.

ბედნიერებამ მითხრა: თუ მეძებ,
ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან...
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე,
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული,
სანთელ-ბერების არგანაგონი,
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის.
ტაოს ცრემლი ვარ, ბანად შთენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ ფხოველის...
კლარჯეთის ხმა ვარ, ვერმოწვდენილი
გალავნებამდე სვეტიცხოველის...
მამა გრიგოლის შეწყნარებული
არაუდები ხანძთის შვილი ვარ.
ფარავანი ვარ, ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ.
თუ არ დაგღალე, აფხაზეთი ვარ...
სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს.
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ,
სანამ უფალი არ მაპატიებს
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ-ქალების მალულად დევნას,
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.
სანამ უძღები შვილი მამასთან
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ,
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა.
სანამ ილორში წმინდა გიორგის
არ მივენდობი მწირველ მღვდელივით
და არ ვიტირებ, რაც არ ვიცოდი,
ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით.
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად
სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად,
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.

ბედნიერებამ მითხრა: სად მეძებ!
მზე დასავლეთში როდის ასულა!
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე
და ვეღარ იცლი, იდგე კაცურად!
სადმე სულ ახლოს, აქ, ვარძიასთან,
სარგის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,
მის მოღალატე ცოლის დანკალზე,
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს
ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდის ძღვენთა კვეთისა.
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ,
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ
მიადგებოდე მოპარულ ლორეს...
ბედნიერებამ მითხრა: რა ვიცი,
კახში ინგილოს რა ეშველება,
თუ გეშორება უკვე დმანისი
და მარნეული არ გეშენება...
ისე მოკვდები, გარეთ არ გახვალ,
რისთვისღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?
შენ, ძმაო, ქართველს სულ აღარ ჰგავხარ,
რას ადღეგრძელებ! რაებს იხსენებ!
ვის რად არგია, სად რა მოგსვლია?!
დასთვრები, ისტორიას იჩემებ...
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას...
არაფერს არ ქმნი, რითღა შოულობ
მაგ საგროვებელს და არა - სარჩოს?
მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ,
როცა იყიდი და აღარც გახსოვს,
რისთვის იყიდე, რის გეშინოდა,
როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი,
რით მიგაძინეს და რა გინდოდა,
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი.

ბედნიერებამ მითხრა: არ მეძებ!
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას
იავარქმნილი გულისნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას...
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი,
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი
ნაღდი თბილისის საღამოებად,
არდანაბიჯებ ხატების გრილში,
ვიწრო ქუჩების ჭა-ეზოებად,
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში.
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში,
რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,
მოიქცეოდი, როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი, რაც წლები დაგრჩა,
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა,
აწი იმაზე დაფიქრდებოდი.
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა,
ნააღსარებზე აწი შენს გულზე
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა.

ამიტომ ნურსად, გესმის, ნუ მეძებ!
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე!
...და სიხარულის უხლებ ველებზე
იმედის სიოდ გამომიძახე!..

Tuesday, May 4, 2010

დილის განწყობა

ესეც ჩემი პირველი ვიდეო მუსიკასთან ერთად :)
დილით ძალიან მინდოდა მეპოვნა ამ მუსიკით რამე ვიდეო youtube-ზე, მაგრამ ვერ ვნახე... შესაძლოა, შემსრულებელი და სახელწოდება არასწორად ვიცი... მაგრამ ამან მიბიძგა და მე თვითონ გავაკეთე დილის განწყობის ვიდეო ჩემი გადაღებული ფოტოებით... ისიამოვნეთ (გაითვალისწინეთ ჩემი გამოუცდელობა, ეს პირველია ;)).

Monday, May 3, 2010

კაცია და გუნება! :)

მოვინდომე და გადმოვწერე ჩემი სკაიპ-მეგობრების ჭრელა-ჭრულა სტატუსები, რომლებიც უბრალოდ ჩანს, როცა სკაიპზე დავაწკაპუნებ :)
გეცნობათ რომელიმე?

Patriarqis galoba

xvalindeli dgis imedit : ) : ) : )

skhva sakartvelo arsad aris..!

ჩემი ბლოგი დამიბრუნეთ ;( მინდა ;(

(hug)

მაგარია http://www.youtube.com/watch?v=cnYxhGmFPck

hm, ise dges siamovnebit davTESTavdi vinmes ;)

nu mokled, fair competitionis wesebi ar vicit qartvelebma –arcerti tipis urtiertobashi :D

...სულში შროშანი აენთება თეთრი მზესავით, და იავარი მოირთვება მაისის ვარდით...

ყველაფერი გავლადია ;ბის:

Human beings, by changing the inner attitudes of their minds, can change the outer aspects of their lives.
Общаясь с человеком, помни, что он о себе хорошего мнения.

Deo et Patriae (falg:ge)

Her own thought of what life could be like, was all she…

GAMOVLONDONDIITT??!!

Ici simartle edzeb cheshmaritebas

zroxas akvs nagvliani tvalebi : )

მიყვარს (sun) და (f)(f)(f)

pour vivre sans dificultes, il faut…

…I Loved You In The Moonlight…

Бог это любовь, учитесь у Него любить!!

una palabra por dia… Mal sehen, ob das funktioniert ;-)

ისევ იქ ვდგავარ, სადაც დამტოვე, გზა კი გავიდა დედამიწიდან...

I (heart)(sun) magram sadaa ;(

(rain)(f)(sun)

MIWO S TWOI STRONI

london UK

miyvarxar sicocxleze metad :*

anushkiii gvenatrebiiiii :*:*

Serpentarius-ვინც დაჭრილია, ის კურნავს

Akcent – Thats My Name (prevod)

au kinoshi minda ciyvebze

Wer langsam geht, geht weiter : )

„Busy“ pentru toti in afara de Catalina

gilocav karavooo!

bunw :* (hug)

გაზაფხულის სურნელება მათრობს... (F)

(sun)(sun)(sun)

me antoje de...

(sun)

think pink....... well try at least …

never say never

ჩემი ყველაფერი (inlove)

Das Auto

სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს. . . .

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც...

tatulikas Semoqmedeba : )

This is where I want to be LA ISLA BONITA :) :) :)

davigaleeee

rogorc istsavli samyaros xedvas sheni cxovrebac ise iqneba…

საქართველოს გაუმარჟოს

…gona be a witness at wedding today…

miyvars dgevandeli dgeeeee (party)

Wednesday, April 28, 2010

თავი შეგაწყინათ წვიმამ? მე - არა! :)

დღევანდელი დღე შედარებით ადრე დაიწყო - 5:30 საათზე გავიღვიძე.
6:30 საათზე უკვე აბანოთუბანში ვიყავი და მეგობრებს ველოდი.
... მანამდე მე და ხნიერი ტაქსის მძღოლი მივქროდით თითქმის ცარიელ სანაპიროზე უთენია... წვიმდა... ციოდა... მაგრამ რაღაც სასიამოვნო იყო... მაინც თბილოდა! წინა მანქანა მიქროდა და მისი საბურავებით ასფალტიდან ასხლეტილი უამრავი პატარა წვეთი ჩვენ წინ ნისლს ტოვებდა... ძალიან მშვიდი იყო სველი სიმწვანით და სიჩუმით მოცული თბილისი! შემიყვარდა!
თბილი იყო თბილისი ამ დილით ჩემთვის! ჩვენი მეგობარი მოვიხსენიეთ თაბორის მთაზე ტაძარში... და მერე რა, რომ წვიმდა და ისევ წვიმს! ის 3 საათი ისეთი სავსე იყო!
რატომ ვკარგავთ ასე უაზროდ წამებს, წუთებს, საათებს?! რატომ ვდუმვართ და ვერ ვბედავთ, როცა რამის თქმა გვინდა და სანამ შეგვიძლია?! რატომ არ ვეხუტებით, ვამშვიდებთ, ვეფერებით?!
დაე, წვიმდეს!

"Anyone who says sunshine brings happiness has never danced in the rain."
"Life is like a rainbow. You need both the sun and the rain to make its colors appear."

"Was machen Sie?" "Nichts. Ich lasse das Leben auf mich Regnen".
("What am I doing?" "Nothing. I am letting life rain upon me.") Rahel Varnhagen

















Then, when it seems we will never smile again, life comes back.



P.S. მთავარია, შაბათ-კვირას არ წვიმდეს ხოლმე! ;)

Tuesday, April 27, 2010

განსაკუთრებული

უცქირეთ და მოუსმინეთ, თავად მიხვდებით რატომ არის განსაკუთრებული.
ქვემოთ კი ამ სიმღერის ე.წ. official video, ისიც განსაკუთრებული, ნათელი!


თამარის საყდარი, ქვაგახეთქილა, შქმერი ივანე მაჩაბლის მოგონებებიდან

ამონარიდი ვახტანგ ჭელიძის წიგნიდან „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ (1957)

1892 წლის ზაფხულს ივანე მაჩაბელი ქვისლს სტუმრობდა იმერეთში, ბეჟან წერეთელს, აქვე ატარებდა ზაფხულს აკაკი წერეთელიც...
„მაჩაბელი მოხიბლა ზემო იმერეთის სიკეკლუცემ. ასეთი მშვენიერი არაფერი მინახავსო... წერეთლებს ეცინებოდათ. ჯერ სადა ხართ, ნამდვილ მშვენიერებასა და ბუნების სიდიადეს აწი გაჩვენებთო...
და მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ამ მოგზაურობის დროს იხილა მაჩაბელმა.
რაკი შორს მიემგზავრებოდნენ, ქალები არ წაუყვანიათ, ვერც ნაავადმყოფარმა პოეტმა გაბედა წასვლა. საგულდაგულოდ შეარჩიეს მთის გზებს შეჩვეული ცხენები და დილაადრიან გაუდგნენ გზას. მასპინძლის განზრახვა იყო, სტუმრებისთვის ეჩვენებინა თამარის საყდარი, რომელზედაც სწორედ იმ ხანებში რამდენიმე საყურადღებო ცნობა დაიბეჭდა გაზეთებში.
საუკუნეების განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული იდუმალ კლდეზე რაღაც უხილავი ძალით აშენებული ტაძარი, რომელშიაც, გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფის ოქროს კუბო ასვენია და ჩაუქრობელი კელაპტრები უნთია. მხოლოდ ახლა მოეხერხებინა ერთ რაჭველ გლეხს ციცაბო კლდეში კიბეების  გამოჭრა და იმ ტაძრამდე ასვლა. ეს საყდარი რაჭის საზღვრებში მდებარეობს, შქმერსა და ბოყვას შორის.
მგზავრები ცხენებს მიაჩქარებდნენ, რათა დროულად ჩასულიყვნენ და ტაძრის დათვალიერება მოესწროთ. საცალფეხო გზა დაბურული ტყის ნაპირებს მიჰყვებოდა. მთის გამაცოცხლებელმა ჰაერმა, გარეულ მცენარეთა და ყვავილთა დამათრობელმა სურნელმა, პეიზაჟების სიმშვენიერემ და მთელი ბუნების გრანდიოზულობამ უჩვეულოდ გაახალისა მაჩაბელი. იგი მალიმალ შეაჩერებდა ხოლმე ცხენს და გასქეროდა მზით დაფერილ ჰორიზონტს, რომელიც შორს, შორს თეთრად გადაპენტილ ღრუბლებს უერთდებოდა. წინ მედიდურად ამართულიყვნენ მარადი თოვლით დაფარული კავკასიონის ბუმბერაზი მთები, რომლებიც სპეტაკი მწვერვალებით თითქოს ზეცას ებჯინებოდნენ. „ბუმბერაზ მთანი მაღალნი, ცათამდე აყუდებულნი“... აგონდება ოცნებაში წასულ მაჩაბელს საყვარელი პოეტის სიტყვები. მაგრამ ბეჟანი დაურღვევს ტკბილ ოცნებას, იგი აჩქარებს, უნდა დროზე ჩაიყვანოს ადგილზე და მაჩაბელიც სინანულით შენიშნავს შემდეგ: „...მივაჩქარებდით ცხენებს... აღარ ვაქცევდით ყურადღებას არც მშვენიერ მთის ჰაერს, რომელიც შქმერის არემარეს დაჰბერავდა, არც მრავალფრად აყვავებულს მუხლამდე ამომწდომს მთის ბალახს, რომლის მსგავსს ბარში კაცი ვერას ნახავს, არც შუა ზაფხულში თოვლით დატვირთულს ახლო-მახლო მთებს, საიდანაც საამო ნიავი გულს გვიგრილებდა...“
შუადღე იქნებოდა, როცა განთქმულ ქვაგახეთქილას მიაღწიეს. აქ კი აღარაფრით არ შეიძლებოდა არ შეჩერებულიყვნენ და საქართველოს ბუნების მთელი მშვენიერება არ განეცადათ.
„... მივაღწიეთ ქვაგახეთქილას, საიდანაც უეცრად ისეთი სურათი წარმოგვიდგა თვალწინ, რომ გრძნობა-გონება დაგვიტყვევა და სხვა აღარაფრისათვის მოგვაცალა, - წერს მაჩაბელი, -ზემო იმერეთიდან რაჭის დედა-ქალაქ ონამდე დიდი გზაა მიმავალი და ეს გზა, სხვათა შორის, ერთს ალაგას ვეება კლდეს შეხვდება. ეს კლდე რაღაც ძალას შუა გაუპია, შუაზედ გზა დადებულა და აი სწორედ ამ ალაგს ეძახიან ქვა-გახეთქილას. აქეთ-იქით აყუდებულნი კლდენი ჩარჩოს ხეებსავით დგანან, თითქოს მშვენიერის ნახატის შემოსაზღუდად, და მართლაც უეცრად ამ ორ კლდეთა შორის ისეთი სურათი წარმოგიდგებათ, რომელსაც აღარ გინდათ თვალი მოაშოროთ. თითქოს ძლიერის აშლილობის დროს, როცა მთაგორებს უხილავი ქვესკნელის ძალა მაღლა ისროდა და ერთი-ერთმანეთს აყრიდა და აზვავებდა, ბუნება გაშეშებულიყოს და საუკუნოდ დარჩენილიყოს ნიშნად უფსკრულის ძალთა არევდარევისა. მთა მთას მისდევს, გორა - გორას, ვაკეს თითქმის ვერსად ხედავთ და მხოლოდ ორგან იმ უსწორ-მასწორო სურათს ზოლივით ხაზები აქვს გავლილი. ერთი ბუნებას გაუკვალავს და მასზედ მიაგორებს შფოთიან რიონის ზვირთებს, მეორე არის ნაყოფი ხელოვნებისა, დიდი ფოსტის გზა, რომელიც მამისონის უღელტეხილს ქუთაისს უერთებს. ამ ერთმანეთთან გადახლართულ მთა-გორებში ადამიანს, სადაც მოუხერხებია, თავისი სადგურები მთის კალთებისათვის მიუკრავს და წვითა და დაგვით ცდილობს უწყალო ბუნებას ორი მტკაველი მიწა, თუ ნებით არა, ძალით მაინც გამოაცალოს. რიონსა და გზას იქით სჩანან თვალუწვდომელი კავკასიის მთები, ისე ახლო, თითქო ხელი რომ გააწვდინოთ, შეხება არ გაგიჭირდებათო. ხედავთ ბურუსში გახვეულ მწვერვალთ, გრძნობთ თითქოს მათგან მობერილ სიცივის ჟრუანტელს, თვალს გტაცებთ ყინულის სპეტაკი მდინარე, ორ მაღალ მთას შორის ნელად და უჩინრად თავქვე დაბლობისაკენ მიმავალი...“...
მაჩაბელს თვალები გაუშტერდა, ერთბაშად თითქოს რაღაც ძალამ აიტაცა და სამყაროს დაუსრულებელ მოძრაობაში შეაგდო. თითქოს აშკარად გრძნობს და განიცდის სამყაროს ვეებერთელა სხეულების დაუცხრომელ სრბოლვას, და თითქოს თვითონაც ბუნების ამ მარადიულ ფერხულში ჩაბმულა... ...
გზაზე დაბალ-დაბალი კაცი გამოჩნდა, რომელსაც შუბლზე ხელი მოეჩრდილა და მოეშურებოდა. უცნობი შორიდანვე მიესალმა მოგზაურებს.
- შუადღე მშვიდობისა, თქვენი ჭირიმე!
მაჩაბელს ეს კაციც ეუცნაურა და მისი სალამიც. ქართლში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამბობენ „დილა მშვიდობისა“, „საღამო მშვიდობისა“, მაგრამ „შუადღე მშვიდობისა“ პირველად აქ გაიგონა...
უცნობს საყდრამდე მიმავალი მოკლე გზა ჰკითხეს. სამიოდე ვერსი ჰქონდათ გასავლელი. თავქვე დაეშვნენ. მართლაც უცნაური გამოდგა ეს კაცი, ქარაგმებით ლაპარაკობდა, ნახევარიც ვერა გაიგეს მისი ნათქვამისა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ კაცს გაეკეთებინა კლდეში საყდრამდე ასასვლელი კიბე. მოგზაურები დაინტერესდნენ, ჩაეკითხნენ, შიგ თუ მოახერხე შესვლა, ან რა ნახეო. უცნობი კვლავ ქარაგმებზე გადავიდა და მისი პასუხისა ვეღარაფერი გაიგეს. ცოტა რომ გაიარეს, ხელმარჯვნივ ოთხმოცამდე საჟენის სიმაღლეზე ციცაბო კლდე აღიმართა. სწორედ ამ კლდეში საუკუნეების წინათ ჩაუდგამთ საყდარი. მაგრამ რა ხელმა ააშენა, რა ხელმა ჩადგა?! კლდის ძირიდან თხუთმეტიოდე საჟენის სიმაღლეზე სიპი ქვა თითქოს განგებ შიგნით შეწეულა, პატარა მოედანი გაკეთებულა და ამ მოედანზე დგას ტაძარი.
„საყდარი თვითონ პატარაა, - წერს მაჩაბელი, - თითქოს ბანჩანგრეული; ცალ მხარეს კარები აქვს მიბმული, რომელზედაც კლიტეც ჩანს. შუაში პატარა ოთხკუთხედი ფანჯარაა დატანებული, ცოტა მოშორებით საყდრის სისწორეზედ მღვიმეებია კლდეში და ერთ მღვიმემდე საყდრის კარებიდან მარცხნივ ბილიკია თითქოს გავლებული, რომელსაც ხარიხებად უბრალო ხეები აქვს გაწყობილი... საყდრამდე სიპი კლდე 12-14 საჟენის სიმაღლეა; მაგრამ ვიდრე კლდის ძირამდე მიხვალთ, რამდენი შიში და გულისტრიალი უნდა გამოიაროთ: ადიხართ ფოფხვით, ებღაუჭებით ბუჩქებს, ზოგან ბალახებსაც კი, რომელნიც შეიძლება ხელში შეგრჩეთ და თავქვე დაეშვათ, მაგრამ ზოგან ბალახიც არ არის და უნდა ნება-უნებურად გამოშვერილ წვრილ კენჭებს მოეჭიდოთ, რომ კიბის ძირამდე ახვიდეთ“...
საყდრამდე ასვლა მაინც ვერ მოახერხეს, რადგან ამ რაჭველი გლეხის მიერ ხის ლართხებით გაკეთებული კიბე, რომელიც მის მიერვე კეტით დახვრეტილ კლდეშია გამაგრებული, ხაფანგდადებული და კლიტით დაკეტილი დახვდათ: ხუთ საფეხურს ზევით ასვლა აღარ შეიძლებოდა. გუბერნატორს აეკრძალა კიბეზე ასვლა, რადგან ეს დიდ საშიშროებასთან იყო დაკავშირებული.
შთაბეჭდილება დიდი იყო და მაჩაბელი მეტისმეტად აგზნებული ბრუნდებოდა შინ, მთელს გზაზე ხმა არ ამოუღია, ცხენისათვის სადავე მიეშვა და ოცნებაში წასულიყო...“

Monday, April 26, 2010

ხეები

გუშინდელი დღე იყო მწვანე და ყვითელი! ცოცხალი და ხალისიანი!
სულ- და გულგამთბარი ვარ!
გუშინ მეგობრებმა 115 ნერგი დავრგეთ - 100 დიდ დიღომში, ხოლო 15 ცალი - თხოთის მთაზე.
ამდენი ფიჭვი და იფანი იხარებს ჩვენი მოულოდნელად იმ ქვეყნად გაფრენილი მეგობრის - დიკლო9-ის (იგივე დავით სურამელაშვილის) სახელზე, სადაც ოდესმე ყველანი შევხვდებით!


ცოტა მოულოდნელი იყო, დილით იმდენი ადამიანი რომ ვიხილე გარჯის მოსურნე. ძალიან კი მესიამოვნა! დიდ დიღომში გამვლელნი გვათვალიერებდნენ - ალბათ, ბევრს გაუჩნდა სურვილი, თვითონაც დარგოს ხე, ზოგი იმასაც იფიქრებდა - მოსცლიათო... არა უშავს, რამდენიმე წლის შემდეგ იქ რომ გაივლის და შეფოთლილ ხეებს დაინახავს, გაახსენდება ჩვენი ჟრიამულიც. მანამდე კი იქნებ თვითონაც მოუწიოს ერთი-ორი ხის დარგვამ...
კაცმა ამ ცხოვრების ვალი რომ მოიხადოს, ერთი ხე მაინც უნდა დარგოს, სახლი ააშენოს და შვილი გაზარდოსო, უთქვამთ ძველებს. ამ ერთი ხით დაიწყოს ყველამ და ნამდვილად აღარ შეჩერდება! ახალ სიცოცხლეს რომ უყრი საფუძველს, საოცრად კარგი გრძნობა ყოფილა!
თხოთის მთაზე პატარა ძველი ეკლესიაა წმინდა ნინოს სახელობის. ხეები თითქმის არ არის, რამდენიმე ნერგი დაურგავთ ამას წინათ. ჩვენც გავეშურეთ ამ საოცარი ადგილისკენ. იქიდან უმშვენიერესი ხედი იშლება. ნერგები უცებ დავრგეთ და მეტიჩარა მზის სხივებით, მშვენიერი გარემოთი და ერთმანეთის საზოგადოებით დავტკბით!
ფოტოებს ვისესხებ ვინმესგან და დავამატებ :)

შეპირებული ფოტოები:
ჩვენ დიდ დიღომში ხეების დარგვისას




























ფოტოების ავტორი: სავარაუდოდ Vanski




სუუულ ზედა ფოტოს წყარო: http://www.thueringenreisen.de/goethe/21365/Baeume-pflanzen---Das-Firmenevent-mit-Nachhaltigkeit.html

Monday, April 19, 2010

აპრილი აპრილობს და ზღვა ისევ ლურჯია!

სანამ ისევ აპრილი აპრილობს... სანამ ზამთრის სუსხი ახალი წასულია და ხანდახან თავს გვახსენებს... სანამ ის იგვიანებს და გვენატრება... სანამ ციდან ლურჯ ზღვამდე ვერცხლის ძაფებად გაბმულა წვიმა, მოვუსმინოთ ვია 75-ს!
ზღვა ისევ ლურჯია


პ.ს. მაინც, რა ლამაზი სიტყვებია! იებით, იებით ავსილა ნაპირი, ყველაფერს ფერი აქვს წვიმის... დავდივარ შენს სახელს ხმამაღლა გავყვირი!..
მომაშორეთ ეს რომანტიული განწყობა! :)



















უკან, თუ დაკვირდებით, შავი ზღა მოჩანს ლურჯად ;)

ტრაბზონი, მცირე აია სოფიასთან

Thursday, April 15, 2010

ოცნების საქართველო

ეს წერილი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობას მიეძღვნება!
8-11 აპრილი განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში...
აუცილებლად დავწერ - ახალ სიყვარულზე, ახალ გაცნობიერებულ ტკივილზე, ქართველობაზე, დამუნჯებით ამეტყველებულ ტაძრებზე,
მეორე, ოცნების საქართველოზე...






















ყაყაჩოები, დოლისყანა

ჯერ უნდა დავალაგო ეს ყველაფერი აბურდულ ძაფის გორგლებად ქცეული და ყელში გაჩხერილი!

ჩანაწერი, დოლისყანა, 10.04.2010
... იგრიკა, ათი რიცხვი, ქრისტეშობიდან ორიათასმეათე წელი, კვირის დღეების სათვალავი ამერია უკვე. დოლისყანა, მეათე საუკუნის ტაძრის წინ ვზივარ მინარეთის ძირში... ღვთის რისხვაა ეს? თუ პირიქით - წყალობა, რომ ჯერ კიდევ დგას?... დგას ტაძარი და ეს ცაც, ეს მზეც, ეს ხასხასა ბალახი, ეს ცის ცრემლები, სათუთად რომ მიგრილებენ კეფას, ქართულია!... ნიავიც ქართულად ჩურჩულებს თითქოს... ვისთვის მეჩეთია და ვისთვის ტაძარი, სადიდებელი მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდისა...
სისხლი ყივის, ყივის ტკივილამდე, ყივის და ხანჯალს მისვამს გულში, როცა მკლავებჩამოშლილს ვხედავ იშხანს, როცა თვალდათხრილ და მხრებჩამოშლილ, ობლად მდგარ ბანას ვუმზერ წალკოტიანი, ფერადი მინდვრიდან...
გული ძგერს და ყოველ ბაგუნს ტკივილი მოაქვს, იმ ბურთის ცემასავით, იშხნის ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე რომ უბრაგუნებდნენ ბავშვები.. ოშკის ტკივილი, ხახულისა და მისგან ჭკუიდან შეშლილი ხოჯას ამბის ჟრუანტელი...
წინ კიდევ მელის აღტაცება, ცამდე ატყორცნა და იმავდროულად ძირს დანარცხება... რა უფრო მტკივა, ისიც ვერ გამირკვევია - ის, რომ ჩვენს ღმერთს აღარ ადიდებენ მის სახლში აქ? თუ მოჭრილი მიწა მტკივა... წინაპრის ოფლი და სისხლი მტკივა? რა მტკივა?
ბურთი გაიჩხირა ყელში... უსასრულოდ!
ეს მზე ჩემია! და თან ჩემი არ არის!
საქართველოდან ოცნების საქართველოში!
იმერხეველი ქართველი მტკივა!!! 

გაგრძელებამდე კი ეს ჟრუანტელის მომგვრელი ლექსები:

ნუკრი ბერეთელი

ოშკი

ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია.
ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს.
ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია -
ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს.

ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს,
ისე, ცივად უპრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის.
ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?!
წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი.

გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია,
რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის.
მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან -
აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი.

ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია.
ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?..
აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან,
ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა!

საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება,
ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის.
ვის - ათონი, სხვას - პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება,
ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი.

ციცანა/გვანცა ჯობავა

საქართველოდან საქართველოში

ჩამოიქცევაო, - მოლამ, - ქართულ გალობაზე
იშხნის კედლები, უნდა გაჩუმდეთო...
და ოშკთან მოლურად აყივლდა,
მიწას გაერთხა და...
კედლები არა, და ძრწოლვით ჩამომექცა
მკლავები, ცრემლი ლოცვა-ლოცვა
დამცვივდა.

იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდად, მარტივად,
უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს,
გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში,
და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.

ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად,
კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება,
უნდა უფალს სთხოვო, რომ დაიჯერო,
მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.

ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები,
პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად,
შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით),
და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ,

სხვას რას მივაწერო, ტაძარ-მეჩეთში
გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი,
ის ალაჰს ადიდებს ხელებაპყრობილი,
მე - ღმერთს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.

დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში
ველოსიპედებით დაქრიან,
მე კი, კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ,
იქნებ ქართველია, ნეტა, რა ჰქვია?!...

ოთხთა, მომეჩვენა, უფრო მშვიდი იყო,
როგორც ოცნებების ძვალშესალაგი,
გინდა იგალობებ, გინდა ლოცვას იტყვი,
აქ არც მოლა გიშლის და ვერც ალაჰი.

შემდეგ დაბრუნება... საქართველოდან საქართველოში
ჩავდივარ,
მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა -
ტაოს სუსხით, ნიავით...
მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით,
ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები,
მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია!
მომაქვს სევდა და თავს ვევლები.

თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს,
უფრო ძნელი - როცა გინახავს,
კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და
ტაძრის ნაპრალებში ინახავს.
როცა დავბრუნდები სულ სხვა დაბრუნებით,
ავაციმციმებ მადლიან ღამეში,
მერე ფეხს მოვირთხამ იშხნის გუმბათის ქვეშ,
კრძალვით ჩავეკვრები უფალს თვალებში.

ამ წამს მინდა უცებ ყველა დავივიწყო,
ვიგრძნო მარტო დავრჩით მე და ღმერთი,

შეშლილს დავემსგავსო, ისე დავიყვირო:

ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი,
ტაო, ტაო, ტაო-კლარჯეთიიიიიიი!...........
 

Tuesday, April 13, 2010

Cibelle - Green Grass



Lay your head where my heart used to be
Hold the earth above me
Lay down in the green grass
Remember when you loved me

Come closer don't be shy
Stand beneath a rainy sky
The moon is over the rise
Think of me as a train goes by

Clear the thistles and brambles
Whistle 'Didn't He Ramble'
Now there's a bubble of me
And it's floating in thee

Stand in the shade of me
Things are now made of me
The weather vane will say
It smells like rain today

God took the stars and he tossed them
Can't tell the birds from the blossoms
You'll never be free of me
He'll make a tree from me

Don't say good bye to me
Describe the sky to me
And if the sky falls, mark my words
We'll catch mocking birds

Lay your head where my heart used to be
Hold the earth above me
Lay down in the green grass
Remember when you loved me
Remember when you loved me
Remember when you loved me

Monday, April 12, 2010

დედას

ღვთის წყალობით, თუკი დედა ვიქნები, ძალიან ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუკი ჩემს შვილებს ისევე დაუვლით ჟრუანტელი, როგორც მე, როდესაც იმ სიტყვებს წაიკითხავენ, რაც ჰელენ ექსლის სასაჩუქრე წიგნების რუბრიკიდან საყვარელი დედისადმი მიძღვნილ წიგნშია.
მაშ, ასე:


მხოლოდ დედა
დედებმა იციან, თავს როდის იკატუნებ.

***
მხოლოდ დედას შეუძლია, თავისი ალერსი ფოსტით გამოგიგზავნოს.

***
დედები ახერხებენ, რომ საქმე მოცალეობის დროსაც აკეთონ.

***
მარტო დედა თუ შეძლებს განსხვავებული პიროვნებების ნაზავისგან ოჯახი შეკრას.
***
მხოლოდ დედას შეუძლია ისწავლოს სამყაროს დანახვა შვილის თვალებით.
რომ არ შეეძლოს, განა თოვლ-ჭყაპში შუა ქუჩაში დადგებოდა - ჩაბღუჯული პატარა წებოვანი ხელის მტევნით - და ორმოში ვიღაც მუშას მიაჩერდებოდა?

***
მხოლოდ დედა გეტყვის მტკივნეულ სიმართლეს.

***
მხოლოდ დედები მოგკივიან კუდში იმ ნივთების ქნევა-ფრიალით, შინ რომ გრჩებოდა.

***
დედები მუდმივად სადარაჯოზე დგანან.


გმადლობ
მადლობელი ვარ, რადგან შენგან ნასწავლი ლექსები და სიმღერები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მზის ჩასვლა პირველად შენ მაჩვენე. რომ ჩემთან ერთად სეირნობდი შხაპუნა წვიმაში. რომ ხრაშუნით მივუყვებოდით ზამთრის ზღვის ნაპირს. გმადლობ, რომ კენჭების, ნიჟარებისა და ხის გამხმარი ტოტების შინ წამოღებას არ მიშლიდი. გმადლობ ჩემი ნაპოვნი კნუტის შეკედლებისთვის. სიცოცხლით ამ აღფრთოვანებისთვის მადლობას გიხდი.
***
მადლობელი ვარ, რომ მიმეორებდი: „ძალას ნუ დაზოგავ. იმუშავე საკუთარ თავზე. და თუ საქმე არ გამოგდის, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე.“ ამით ბევრ სადარდელს ამარიდე.

***
გმადლობ, რომ „ხომ გეუბნებოდი“ არასდროს გითქვამს. უფრო სწორად - ხშირად არ გითქვამს. 
გმადლობ, რომ ყოველთვის ჩემ გვერდითა ხარ. თავს არაფერს მახვევ, არაფერს ითხოვ.
უბრალოდ - მხარში მიდგახარ.
შენთვის დრო და საათი არ არსებობს, რომ ჩემთვის რჩევა დაიზარო - ხველების, ორთოგრაფიის, კარგი წიგნების, ლექსების, მოცარტის, მეგობრის შესაფერი საჩუქრების, საბიბლიოთეკო წიგნების თუ კროსვორდების შევსების ხერხთა შესახებ.
განა მხოლოდ ეს.
თუ საჭიროა, მზად ხარ ჩაიცვა და მოხვიდე. დაუფიქრებლად.
შენს მხარზე შემიძლია ცრემლით გული მოვიოხო.
შენ გიზიარებ ახალ ამბებს.
საკუთარ სისულელეზე შენ შემიძლია გაგაცინო.
საოცარია, მაგრამ უშრეტია ძალა შენი სიყვარულისა - იმის მიუხედავად, რას ვაკეთებ ან როდის ვაკეთებ.

გაგრძელება იქნება... :)

Sunday, March 28, 2010

ამბავი თბილისური ავტობუსისა... უფრო ზუსტად - ჩემი გადარჩენილი ფეხისა!

პასუხად პირწიგნაკზე (ფეისბუქზე) ჩემი უცნაური სტატუსით დაინტერესებულთ!

მოკლედ, ამბავი ასე იყო:
მეგობრებო, დამერწმუნებით, ძალიან იშვიათად ვწყალობ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. ძალიან კი მომწონს, როცა უმშვენებს ფეხს მანდილოსანს, მაგრამ დაბლებზე უფრო კარგად ვგრძნობ თავს.


გუშინ საგაზაფხულო ხასიათმა თავისი ჰქნა - ჩემი მაღალი ქუსლებით (ლიკასა და სხვათათვის მაინც საშუალოზე დაბალი იქნებოდა :)) გავემართე მეგობრებთან შეხვედრაზე... ავტობუსით! დიდი ავტობუსით! (ანუ არა პატარა ბოგდანით). დანიშნულების გაჩერებაზე შუა კარიდან ჩამოვდიოდი: ერთ საფეხურზე წარმატებით ჩამოვდგი მარცხენა ფეხი, მეორეზე - მარჯვენა, ასფალტზე კვლავ მარცხენა და, შესაბამისად, მარჯვენაც უნდა ჩამოვდგა, მაგრამ ნურას უკაცრავად - მთელი ქუსლის სიღრმეზე გაბზარულ კიბის საფეხურში ჩაერჭო ჩემი ბაჩი. ვეცადე, მაგრამ ფეხი არ მომყვება. მოგეხსენებათ, მძღოლები როგორ უყურადღებოდ დადიან, ვაითუ ვერ შეამჩნიოს რა დავიდარაბაში ვარ და დაძრას-მეთქი, ხომ მომტყდა ფეხი! ისიც მინახავს, შუა კარიდან ნახევრად ავტობუსში ასულ ადამიანს ეს ნახევარი ტანი და თავი როგორ მოაყოლა ერთმა მძღოლმა კარში, დაძრა ავტობუსი და კარიც მიკეტა ჭკვიანმა. რა კივილი ავტეხე მაშინ...

ჰოდა, რას ვამბობდი... ჰოოო, აქ კივილი არ მიცდია. სასწრაფოდ ამოვდგი ფეხსაცმლიდან ფეხი და ახლა ცალფეხშიშველი დავეჭიდე და გვარიანი ჯაჯგურის შემდეგ ამოვაძვრინე ჩემი ფეხსაცმელი!.. სულელივით გაღიმებული გავუყევი ქუჩას... არადა, შეიძლებოდა, მართლა ცუდად დამთავრებულიყო...

ახლა რომ ვუფიქრდები - მაღალი ქუსლიც არაა საჭირო, კედიანი ფეხის ქვეშაც წარმატებით შეიძლება გამოგეცალოს ავტობუსის იატაკი და ფეხით ასფალტზე აღმოჩნდე. ვაითუ, ტრანსპორტის მოძრაობისას მოხდეს ეს!.. არადა მახსოვს, რამდენჯერმე ნახევრადცარიელ ავტობუსში ასულს ძლივს მიპოვია დასაჯდომი. რატომ? - დამცინავად მიღიმოდა ასფალტის ნაცრისფერი სახე სკამის ქვემოდან და შემაჟრჟოლებლად ფართხალებდა მოხმარებიდან ამოსაღები ავტობუსის გაცრეცილი, ქაღალდის სისქე იატაკის ნაგლეჯი...
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცვლი მოწოდება-სტატუსს!
ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მდიდარი თუ ღარიბი, უფრთხილდით დიდ ყვითელ ავტობუსებს... როდესაც ამ ავტობუსით მგზავრობთ!

რამე ზომა უნდა მივიღო!

ფოტო: http://www.heretifm.com/upload/picture/d4a010102a5eae20d65fe03418fda8d4.JPG

Monday, March 1, 2010

გაზაფხულდა!

გილოცავთ! გაზაფხულდა!


Wednesday, February 24, 2010

სურვილების ყულაბა

გიორგი შალამბერიძე

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად - ნუშის ბაღნარი, საბნად - თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.













ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

















გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი - მზის სხივს.



















ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.



მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.
























მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.


















წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი.



















ფოტოები:
სახლი: www.bakuriani-hotel.com/geo/
ვენახი: http://vinoge.com/archive/all/2009/3/14
წისქვილი: სოსო მელაძე, http://www.graf.ge/uploads/1263154267/tn_gallery_369_3_209259.jpg
ტყეში გოგონა: http://images2.fanpop.com/images/photos/3000000/Girl-Reading-in-a-Forest-books-to-read-3033292-449-604.jpg
ცხენები: მე :)

Tuesday, February 23, 2010

მეშინია

მურმან ლებანიძე


ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი!



დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!