Tuesday, June 1, 2010

ერთ შაბათ დღეს: სამშობლო დიდებული... შენია და თან შენი არ არის...

ეს შაბათი დღე განსაკუთრებული გამოცხვა. არა, დიდებულ და ლამაზ ადგილებს ხშირად ვსტუმრობ მეგობარ კარაველებთან ერთად, მაგრამ ასეთი "პენსიონერული" გასვლა პირველი იყო. დავისვენეთ, ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით. :)
დილითაც ადრე არ გავსულვართ, გამოძინებაც მოვასწარით და გავეშურეთ ჯერ სამთავისისაკენ, შემდეგ სხვილოს ციხეზე ასვლა გვქონდა გეგმაში და ნადარბაზევის ტბის მონახულება. სამთავისთან ახლოს ქართველმა სამართალდამცველებმა მკაცრად გაგვაფრთხილეს, სხვილოს ციხეზე ასვლა არ გაბედოთო... ახლოს რუსებს გზა გაუჭრიათ და სახიფათოდ მიაჩნიათ. არადა ციხე იქვე მოჩანს, წამოსკუპებული. სულ ცოტა დრო უნდოდა, რომ ფეხით ასულიყავი. ციხე კასპის რაიონს ეკუთვნის. აი, ეს არის, თან შენია და შენი რომ არაა... ეს კიდევ იმაზე უარესი განცდაა, რაც ლომისობას ვიგრძენი, 26 მაისს. მთის თავზე ადიხარ, გადასცქერი იქით ქსნის ხეობას და... რაღაც დაჩეხილივით ვიყავი - იქით უკვე ჩვენ აღარ მიგვესვლება! ეს უნდა შეიცვალოს! ღვთის შემწობით და ჩვენი მეცადინეობით! სიტყვა გამიგრძელდა...


სამთავისის ტაძარი 1030 წელს ყოფილა აგებული. გარშემო რამდენიმე ნაგებობის ნაშთია კიდევ. ტაძარზე ჩუქურთმებია, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფასადზე დამამუნჯებელი... აი, ასეთია:

ფოტოების ავტორი: ლიკა ტაბუცაძე

რადგან სხვილოს ციხეზე ასვლა ჩაგვეშალა, ნადარბაზევის ტბისაკენ გავეშურეთ და გზაშივე გადავწყვიტეთ, იქვე დავრჩენილიყავით და ამ დღეს განსაკუთრებულად პასიურად დაგვესვენა. გზად ასეთი ლამაზი მინდორიც ვნახეთ და, რა თქმა უნდა, ფოტოებიც გადავიღეთ:





















ფოტოების ავტორი: ლიკა ტაბუცაძე












ნადარბაზევის ტბა ძალიან ლამაზია. გარშემორტყმული ხასხასა მდელოებით, აქა-იქ ყვითელი ყვავილების ხალიჩით. ახლოსვე არის პატარა ტყის კორომები, ჩრდილში თავს სასიამოვნოდ შეაფარებ მცხუნვარე მზისაგან. პატარა ფაცხაც გაუკეთებია ვინმე მადლიანს, სადაც გემრიელად წავიხემსეთ, მფრინავი თეფშითაც ვითამაშეთ, მზესაც მივეფიცხეთ და საღამომდე დავრჩით ამ სასიამოვნო ადგილას.
მოსაღამოვებულზე კი ისეთი ლამაზი იყო ტბა, მისი დატოვება დამენანა...
ტბასთან კვლავ დადებითად აღვსილი დავუბრუნდით ქალაქს. წამოსვლამდე კი იყო ეს:


ფოტოების ავტორები: ზვიადი და ალექსანდრე
თუკი ქალაქგარეთ დასვენებას ისურვებთ, ისე, როგორც ჩვენ, შეგიძლიათ ნადარბაზევის ტბისკენ გაეშუროთ. ტბაში თევზაობაც შესაძლებელია.  მეთევზეებიც ვნახეთ, ჩვენ თვალწინაც დაიჭირეს რამდენიმე თევზი. 
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ! ზაფხულიც დადგა! ;)