Friday, January 15, 2010

სამარილე/საპილპილე და ინი და იანი...

ამას წინათ მეგობართან საშობაო სუფრაზე ერთმა სამარილე/საპილპილემ (იხ. ფოტო ქვემოთ) დიდი ყურადღება დაიმსახურა, რაც სავსებით ბუნებრივია მისი ორიგინალური დიზაინისა გამო.

მაშინ პირველად შევადარე ეს სამარილე/საპილპილე ინისა და იანის სიმბოლოს, არადა ადრეც მქონდა მრავალგან ნანახი. ზემოდან თუ დავხედავთ, მართლაც, ჰგავს. ამ ფიგურებს ერთმანეთს თუ დავაშორებთ, ერთობ სევდიანად და საწყალობლად ფართედ ხელებგაშლილი დგანან... უსათუოდ ჩახუტებული უნდა იდგნენ, თუ არ გვსურს, მათი ცოდვით დავიწვათ :)

ამ სამარილეს შექმნისას დიზაინერ ალბერტო მანტილას საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეები ჩაუქსოვია... ამაზე ქვემოთ.





მე კი იმის იმპულსი მომცა, რომ ინისა და იანის სიმბოლოს მნიშვნელობას ჩავრღმავებოდი და მასზე მეტი რამ შემეტყო...
ალბათ მრავლის მსგავსად, მეც მეგონა, რომ გარდა ურთიერთდაპირისპირებულთა ერთიანობისა, ეს „ტაი ცზი“ (თუ „ტაი ჩი“, გამოთქმა ნამდვილად არ ვიცი) სიმბოლო კეთილისა (თეთრი ნაწილი) და ბოროტის (შავი ნაწილი) მუდმივ ბრძოლას აღნიშნავდა. დღეს რა წყაროებსაც გავეცანი, არსად სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა-დაპირისპირების შესახებ პირდაპი საუბარი არ ყოფილა... ვაჰ!

სიმბოლოს რაც შეეხება, სრულებითაც არ ყოფილა სულერთი, თუ ფერების როგორი განლაგებით გამოვსახავთ ამ სიმბოლოს. ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინურ ფილოსოფიაში.
ინი სიბნელის, სიცივის, მდედრობითი საწყისის, მიწის, პასიურის, ინტრავერტულის მნიშვნელობას ატარებს და შავი ფერით არის გამოსახული, იანი კი - ნათელს, სითბოს, მამრობით საწყისს, ციურს, ექსტრავერტულს, აქტიურს ასახავს და თეთრი ნაწილითაა წარმოჩენილი.

ეს სიმბოლო თურმე აღნიშნავს, რომ ყოველივე ამ სამყაროში როგორც ნათელს, ასევე ბნელს შეიცავს. სხვაგვარად - არცერთი არსება თუ საგანი არ არსებობს მისი საპირისპიროს არსებობის გარეშე და ორივე დაპირისპირებული ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება და ამგვარად გარკვეულ ციკლს ქმნის. ამიტომაც აქვს სიმბოლოს წრიული ფორმა. იგი ერთიანობის, წონასწორობის სიმბოლოა. ისინი ერთმანეთს ავსებენ, განაპირობებენ ერთურთს, ცვლიან რიტმულად და არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავენ. თითოეულ ნაწილში პატარა საპირისპირო ფერის წერტილი იმის მანიშნებელია, რომ ინი იანის ნაწილაკს შეიცავს, ისევე, როგორც იანი ინისას. ანუ ყოველივე ამ სამყოროშიც თავისი "საპირისპიროს" ნაწილს მოიცავს საკუთარ თავში.

ამასთან, ინისა და იანის სიმბოლოს ფორმა მუდმივი მოძრაობის, ცვალებადობის, ციკლების განმეორებითობის სიმბოლოა... მას უკავშირებენ წელიწადის დროების გამოსახვასაც და სხვას მრავალს კიდევ. ზოგადად, ინისა და იანის შესახებ ფილოსოფიის წარმოშობის ისტორია ძალიან მრავლისმომცველია და შორს წაგვიყვანდა... ვიკიპედიასა და "გუგული დეიდასთან" (როგორც ერთი ძვირფასი ადამიანი google-ს უწოდებს) საკმაოდ მრავლად მოიპოვება ინფორმაცია ამის თაობაზე.







სამარილეს რაც შეეხება:
მას „ჩახუტება“ (HUG) ჰქვია და ალბერტო მანტილამ (ნიუ იორკი, დიზაინერული კომპანია MINT) შეჰქმნა. შავი და თეთრი ფერი პროდუქტისათვის შეირჩა როგორც სიმბოლო იმისა, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი თანასწორია და ერთმანეთის მიმართ მეგობრულად, თანაგრძნობითა და პატივისცემით უნდა იყოს განწყობილი. ისე, ინტერნეტ-სივრცეში (ისედაც, ცხადია :)) ეს პროდუქტი სხვა ფერებსა და ფორმებშიც მრავლად მოიპოვება უკვე.

ეს საყვარელი ნივთი სასიამოვნოდ გამოსაყენებელია... ადვილად დაიხსომებ, რომ თეთრში მარილია და შავში პილპილი (მიხვდები კიდეც). თუმცა, თუკი გსურს, ინისა და იანის სიმბოლოს როლი მეტად იკისროს, შავ კაცუნაში მარილს ჩაყრიდა კაცი, თეთრში კი - პილპილს :)

სადღაც ისიც წავიკითხე, დიზაინერმა ინისა და იანის სიმბოლოს ფორმა გაითვალისწინაო და ზედხედი იმიტომაც აქვს ამ სამარილე/საპილპილეს ასეთიო... მეც ასე ვფიქრობ.







და კიდევ, სავსებით გულწრფელად, ამ პოსტის წერისას საერთოდ არ მომსვლია თავში აზრად ჩემი ბლოგის სახელწოდება... გვიანღა მივხვდი, სადღაც შუაში რომ ვიყავი მაშინ...
ჰოდა, არც მაშინ მიფიქრია ინსა და იანზე, როცა ბლოგის სახელს ვიგონებდი. მაშინ მხოლოდ ლისაბონის ღამეზე ვფიქრობდი...

ბლა ბლა ბლა! :)

No comments: