Wednesday, May 19, 2010

რისკიანი? - შესაძლოა! ყოველ შემთხვევაში - დიდებული და ახალი!

აბა, რაზე უნდა დავწერო ახლა? :)
ორიოდ დღის წინ, დილით, ინგლისურის გაკვეთილზე თემამ მოიტანა და რისკის შემცველ ქმედებებზე უნდა გვესაუბრა, რომლებიც ჩვენ ან ჩვენს მეგობრებს ჩაუდენიათ.
ერთმა - გათხოვება იყოო ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაშიო, მეორემ მანქანის ტარება ახსენა და ასე.. დადგა ჩემი ჯერი და მეც ამაყად განვაცხადე, რომ ამ კვირას კლდეზე ვიცოცე! დიახაც!
აი, ფაქტები:



ფოტოების ავტორი Mta Mkvarebia


ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კლდეზე ცოცვა ასეთი სასიამოვნო იქნებოდა, შეიძლება ითქვას, აზარტული. სიმართლე რომ ვთქვა, არ შემშინებია... ქვემოთ დაცვაზე გამოცდილი ჯოკონდა იდგა და მამხნევებდა მისი და გოგონების შეძახილები. ადვილი ნამდვილად არ არის. ფეხისა და ხელის კარგ მოსაჭიდს რომ პოულობ და ზემოთ მიიწევ, ისეთ სიხარულს განიცდი... რა ვიცი, რას შევადარო...
ეს დღე ჩემი მეგობრების დამსახურებაა.
საცოცი ბილიკები კაცხის სვეტთან ძალიან ახლოსაა, ჭიათურასთან.
უამრავი ბილიკია, მათ შორის ერთი დიკლო9-ის სახელობის. ჩვენმა მეგობარმა, წივწივამ, თავის მეგობარ მეკლდეურებთან ერთად გააკეთა ეს ბილიკი. სწორედ დიკლო9-ის ხსოვნის აღსანიშნავად გავმართეთ ცოცვაში შეჯიბრი 16 მაისს. გოგონები ამ მარტივ ბილიკზე ვეჯიბრებოდით, ფოტოებზე რომელიც ჩანს, ბიჭები - შედარებით რთულზე. იქაც მოვსინჯე ძალები, მაგრამ ჯერ ვერ. ის კი ცხადია, რომ ძალიან მიმიზიდა მეკლდეურობამ.
დიდებული მზიანი დღე იყო. სანამ ცოცვას დავიწყებდით, გზად ვნახე ულამაზესი და ძალიან საინტერესო მღვიმევის მონასტერი, მღვიმეში არსებული ტაძრით, ასევე კაცხის მონასტერი, ვიმგზავრეთ საბაგიროთი და ჭიათურის მანგანუმის მაღაროც მოვინახულე. კაცხის სვეტზე მხოლოდ ბიჭები ავიდნენ, ქალებისთვის არ არის მიღებული იქ ასვლა. ჩვენ შორიდან დავტკბით იდუმალ კაცხის სვეტზე აღმართული ეკლესიით.
დიდებული დღე იყო!
აი, ჩვენ დღის ბოლოსკენ, კაცხის სვეტის ფონზე:

ფოტოს ავტორი Killroy13

No comments: