Wednesday, February 24, 2010

სურვილების ყულაბა

გიორგი შალამბერიძე

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად - ნუშის ბაღნარი, საბნად - თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.













ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

















გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი - მზის სხივს.



















ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.



მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.
























მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.


















წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი.



















ფოტოები:
სახლი: www.bakuriani-hotel.com/geo/
ვენახი: http://vinoge.com/archive/all/2009/3/14
წისქვილი: სოსო მელაძე, http://www.graf.ge/uploads/1263154267/tn_gallery_369_3_209259.jpg
ტყეში გოგონა: http://images2.fanpop.com/images/photos/3000000/Girl-Reading-in-a-Forest-books-to-read-3033292-449-604.jpg
ცხენები: მე :)

2 comments:

Anonymous said...

minda sakutari sulis kideshi frtebi shevigrdzno gamosxmuli da im samyaroshi gadavsaxlde , sadac am yovelives shevigrdznobdi !

Katiée.Ge said...

რა კარგი იყო :))