Friday, February 5, 2010

სავსე დღე!

გუშინ ყველაზე სავსე და სიახლეებით დატვირთული დღე მქონდა.
ნამდვილად ემუქრებოდა, რომ ყველაზე სევდიანი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში.
საღამოს 8 საათიდან 12-მდე ყველაზე სავსე დღე ჩაეტია!
და, აი, რატომ:
პირველად ვიყავი მთაწმინდაზე წყალსადენში. პირველად წარმოვიდგინე ის ნაძვნარი როგორი ლამაზი იქნება დათოვლილი... სარეკლამო ფოტოებზე რომ არის, აი, იმაზე უკეთესი... პირველად დავინახე ღამის თბილისი ასეთი დიდი და ლამაზი!
გავიცანი ზურა, გულიანი ზურა! და პირველად ვნახე, როგორ უხარიათ მართლა გულწრფელად, მთელი სულით და გულით დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვა, როგორ იგონებენ, რამდენად აკლიათ მასთან ურთიერთობა. ასეთი გულიანი "ქეიფიც" პირველი იყო!
მოვისმინე მოხუცი ვახტანგის და მისი მეუღლის ამბავი... ახლაც 20 წლის ჭაბუკივით და ქალივით რომ შესციცინებენ ერთმანეთს, უყვართ და აღმერთებენ... რომ ეს, სამწუხაროდ, ძალიან მალე დასრულდება :(
პირველად ვნახე სტალინის ძეგლი, გადამალული ტყეში ნაძვებთან და შემეცოდა. მიტოვებული იდგა, სახეც წაშლილ-ჩამოშლილი ჰქონდა და აღარც ძლევამოსილი ხელები ჰქონდა... შემეცოდა, ვიფიქრე, ასე არ უნდა გაწირო-მეთქი! სჯობს, გაანადგურო!
პირველად დავთესე დარდი ვაშლიჯვრის სიშავეში! ისე, რომ მოსავალი ვერ მოვიმკა!
კოშკურაზე პირველად გავითბე ხელები ცხელი ჩაით. ისეთი ძლიერი ყინვა და ქარი იყო, რომ... მაინც ვერაფერს დაგვაკლებდა! ადამიანური სითბო ყველაზე ძლიერია!
პირველად მივაკითხე ჩემი სახელობის წყაროს ტელევიზიის ანძის ქვეშ!
პირველად ჩავატარე საგზაო-სამშენებლო-დამანგრეველი სამუშაოები! ღამით გმირთა მოედანზე ფორმიანი გოგო ხომ არ დაგინახავთ, ერთ ბიჭთან ერთად ბეტონს თუ ასფალტს რომ ანგრევდა, იქვე კი ერთი 4 გზის ხელოსანი იდგა და გაოცებულ-გაღიმებული უცქერდა? ჰოდა, მანდ ახალი და თანამედროვე გზა რომ გექნებათ, ჩვენი ნამუშევარი იქნება ეგ! :)
გუშინ იყო ყველაზე პირველი პირველი და ყველაზე სავსე დღე!
იმიტომ, რომ მე ყველაზე კარგი მეგობარი მყავს!
გაუმარჯოს წივწივას!

No comments: