Wednesday, February 3, 2010

შეგონება საკუთარ თავს - ავატარი

ადამიანი ყველაზე მეტად თავისუფალი მაშინ არის, როდესაც ყველაზე მეტად ახლოა ბუნებასთან და გრძნობს მას, მისი ყოველი ქმნილების სუნთქვასა და გულისცემას!
თუმცა, არც ვიცი, მართებული თუა ასეთი სიტყვათშეთანხმება - „ყველაზე მეტად თავისუფალი“. თავისუფალი ან ხარ, ან არ ხარ!.. ჰოდა:
თავისუფალი მაშინ არის ადამიანი, როდესაც ბუნებასთან ახლოა!
თავისუფალი ვნებებისგან... თავისუფალი შიშისგან... ფსევდო ღირებულებებისკენ სწრაფვისგან...

უნდა გრძნობდე და გესმოდეს ბუნების, რათა მისგან საუკეთესოს მიღება შეძლო. და მადლიერებით და სიყვარულით უნდა ეგებებოდე ყოველივეს, რასაც იგი შენთვის თმობს! უნდა გაუფრთხილდე და არ იღორმუცელო!

სამყარო ერთიანია, მისი განუყოფელი ნაწილი ვართ! ეს ერთიანობისგან დანაწილება დროებითია და, მოვა დრო, როცა მიღებულ „ენერგიას“ უკან დავაბრუნებთ! ერთი გახდება ყოველი!

იცხოვრე ისე, რომ ყოველთვის გახსოვდეს, შენ არ ხარ მარტო! შენ გარშემო უთვალავი არსება სახლობს... და მათ შორის მხოლოდ ერთი, პატარა წერტილი ხარ! ამ წერტილის ცუდმედიდურობას კი სამყაროს მთელი ჰარმონიის დარღვევა ძალუძს!

ბუნება (გონი) გულმოწყალეა და ამავე დროს სასტიკი! არ გაპატიებს მისი ქმნილების შებილწვას და უმადურებას!

გონებას უხმე და აწონ-დაწონე ყოველი ქმედება, ფიქრიც კი! ისე იცხოვრე, რომ ამ ჰარმონიას ბზარი არ შეაპარო და დიდი უბედურება არ დაიტეხო თავს!

ეს ძალიან რთულია და თან ამავე დროს უმარტივესი!

საჭიროა მხოლოდ - გიყვარდეს! ყველაფერს სიყვარულით უცქერდე და იქმოდე!

ფიქრობთ, რაიმე ფილოსოფიური წავიკითხე ამას წინათ?

არა! „ავატარს“ ვუცქირე გუშინ! და ჰარმონიული არსებობის ის წესები ამოვიკითხე, რაც ზემოთ მოგახსენეთ! არ ველოდი! ისეთ ფილმებს არ ვწყალობ ხოლმე, სადაც დიდი ნაწილი მოჭარბებული ფანტაზიის ნაყოფია. „ავატარში“  ნახევარზე მეტი სწორედ ასეთი ფანტაზიააო, იფიქრებს მავანი, არადა იქ გამოგონილი არაფერია! სრული რეალობაა! დანახვა უნდა!

ძალიან კარგი ფილმია! უნდა ნახოთ! და სპეც-ეფექტების მიღმა უნდა დაინახოთ!



ფოტოს წყარო: http://www.avatarmovie.com/index.html

1 comment:

Unknown said...

გეთანხმები სრულიად ასე ადამიანად არასდროს მიგრძვნია თავი როდესაც ამ ფილმს ვუყურებდი . და სამოთხის ასე სწორი განმარტებაც კამერუნმა რომ დამანახა არსად მინახავს. ხო ეს ფილმი მითოლოგიაზეა აგებული და ყველაფერი სპეცეფექტების არარსებობის მიღმა უნდა დაინახო