Thursday, April 15, 2010

ოცნების საქართველო

ეს წერილი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობას მიეძღვნება!
8-11 აპრილი განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში...
აუცილებლად დავწერ - ახალ სიყვარულზე, ახალ გაცნობიერებულ ტკივილზე, ქართველობაზე, დამუნჯებით ამეტყველებულ ტაძრებზე,
მეორე, ოცნების საქართველოზე...






















ყაყაჩოები, დოლისყანა

ჯერ უნდა დავალაგო ეს ყველაფერი აბურდულ ძაფის გორგლებად ქცეული და ყელში გაჩხერილი!

ჩანაწერი, დოლისყანა, 10.04.2010
... იგრიკა, ათი რიცხვი, ქრისტეშობიდან ორიათასმეათე წელი, კვირის დღეების სათვალავი ამერია უკვე. დოლისყანა, მეათე საუკუნის ტაძრის წინ ვზივარ მინარეთის ძირში... ღვთის რისხვაა ეს? თუ პირიქით - წყალობა, რომ ჯერ კიდევ დგას?... დგას ტაძარი და ეს ცაც, ეს მზეც, ეს ხასხასა ბალახი, ეს ცის ცრემლები, სათუთად რომ მიგრილებენ კეფას, ქართულია!... ნიავიც ქართულად ჩურჩულებს თითქოს... ვისთვის მეჩეთია და ვისთვის ტაძარი, სადიდებელი მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდისა...
სისხლი ყივის, ყივის ტკივილამდე, ყივის და ხანჯალს მისვამს გულში, როცა მკლავებჩამოშლილს ვხედავ იშხანს, როცა თვალდათხრილ და მხრებჩამოშლილ, ობლად მდგარ ბანას ვუმზერ წალკოტიანი, ფერადი მინდვრიდან...
გული ძგერს და ყოველ ბაგუნს ტკივილი მოაქვს, იმ ბურთის ცემასავით, იშხნის ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე რომ უბრაგუნებდნენ ბავშვები.. ოშკის ტკივილი, ხახულისა და მისგან ჭკუიდან შეშლილი ხოჯას ამბის ჟრუანტელი...
წინ კიდევ მელის აღტაცება, ცამდე ატყორცნა და იმავდროულად ძირს დანარცხება... რა უფრო მტკივა, ისიც ვერ გამირკვევია - ის, რომ ჩვენს ღმერთს აღარ ადიდებენ მის სახლში აქ? თუ მოჭრილი მიწა მტკივა... წინაპრის ოფლი და სისხლი მტკივა? რა მტკივა?
ბურთი გაიჩხირა ყელში... უსასრულოდ!
ეს მზე ჩემია! და თან ჩემი არ არის!
საქართველოდან ოცნების საქართველოში!
იმერხეველი ქართველი მტკივა!!! 

გაგრძელებამდე კი ეს ჟრუანტელის მომგვრელი ლექსები:

ნუკრი ბერეთელი

ოშკი

ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია.
ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს.
ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია -
ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს.

ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს,
ისე, ცივად უპრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის.
ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?!
წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი.

გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია,
რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის.
მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან -
აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი.

ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია.
ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?..
აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან,
ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა!

საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება,
ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის.
ვის - ათონი, სხვას - პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება,
ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი.

ციცანა/გვანცა ჯობავა

საქართველოდან საქართველოში

ჩამოიქცევაო, - მოლამ, - ქართულ გალობაზე
იშხნის კედლები, უნდა გაჩუმდეთო...
და ოშკთან მოლურად აყივლდა,
მიწას გაერთხა და...
კედლები არა, და ძრწოლვით ჩამომექცა
მკლავები, ცრემლი ლოცვა-ლოცვა
დამცვივდა.

იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდად, მარტივად,
უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს,
გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში,
და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.

ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად,
კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება,
უნდა უფალს სთხოვო, რომ დაიჯერო,
მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.

ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები,
პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად,
შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით),
და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ,

სხვას რას მივაწერო, ტაძარ-მეჩეთში
გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი,
ის ალაჰს ადიდებს ხელებაპყრობილი,
მე - ღმერთს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.

დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში
ველოსიპედებით დაქრიან,
მე კი, კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ,
იქნებ ქართველია, ნეტა, რა ჰქვია?!...

ოთხთა, მომეჩვენა, უფრო მშვიდი იყო,
როგორც ოცნებების ძვალშესალაგი,
გინდა იგალობებ, გინდა ლოცვას იტყვი,
აქ არც მოლა გიშლის და ვერც ალაჰი.

შემდეგ დაბრუნება... საქართველოდან საქართველოში
ჩავდივარ,
მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა -
ტაოს სუსხით, ნიავით...
მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით,
ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები,
მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია!
მომაქვს სევდა და თავს ვევლები.

თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს,
უფრო ძნელი - როცა გინახავს,
კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და
ტაძრის ნაპრალებში ინახავს.
როცა დავბრუნდები სულ სხვა დაბრუნებით,
ავაციმციმებ მადლიან ღამეში,
მერე ფეხს მოვირთხამ იშხნის გუმბათის ქვეშ,
კრძალვით ჩავეკვრები უფალს თვალებში.

ამ წამს მინდა უცებ ყველა დავივიწყო,
ვიგრძნო მარტო დავრჩით მე და ღმერთი,

შეშლილს დავემსგავსო, ისე დავიყვირო:

ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი,
ტაო, ტაო, ტაო-კლარჯეთიიიიიიი!...........
 

1 comment:

Katiée.Ge said...

ბევრი დაწერე, ბევრი, ეს არ ეყოფა იმას, რაც იქ დაგვრჩენია :///

ჩვენც ვეცადეთ, ცოტა :)
http://tao-klarjeti.blogspot.com/