Monday, April 26, 2010

ხეები

გუშინდელი დღე იყო მწვანე და ყვითელი! ცოცხალი და ხალისიანი!
სულ- და გულგამთბარი ვარ!
გუშინ მეგობრებმა 115 ნერგი დავრგეთ - 100 დიდ დიღომში, ხოლო 15 ცალი - თხოთის მთაზე.
ამდენი ფიჭვი და იფანი იხარებს ჩვენი მოულოდნელად იმ ქვეყნად გაფრენილი მეგობრის - დიკლო9-ის (იგივე დავით სურამელაშვილის) სახელზე, სადაც ოდესმე ყველანი შევხვდებით!


ცოტა მოულოდნელი იყო, დილით იმდენი ადამიანი რომ ვიხილე გარჯის მოსურნე. ძალიან კი მესიამოვნა! დიდ დიღომში გამვლელნი გვათვალიერებდნენ - ალბათ, ბევრს გაუჩნდა სურვილი, თვითონაც დარგოს ხე, ზოგი იმასაც იფიქრებდა - მოსცლიათო... არა უშავს, რამდენიმე წლის შემდეგ იქ რომ გაივლის და შეფოთლილ ხეებს დაინახავს, გაახსენდება ჩვენი ჟრიამულიც. მანამდე კი იქნებ თვითონაც მოუწიოს ერთი-ორი ხის დარგვამ...
კაცმა ამ ცხოვრების ვალი რომ მოიხადოს, ერთი ხე მაინც უნდა დარგოს, სახლი ააშენოს და შვილი გაზარდოსო, უთქვამთ ძველებს. ამ ერთი ხით დაიწყოს ყველამ და ნამდვილად აღარ შეჩერდება! ახალ სიცოცხლეს რომ უყრი საფუძველს, საოცრად კარგი გრძნობა ყოფილა!
თხოთის მთაზე პატარა ძველი ეკლესიაა წმინდა ნინოს სახელობის. ხეები თითქმის არ არის, რამდენიმე ნერგი დაურგავთ ამას წინათ. ჩვენც გავეშურეთ ამ საოცარი ადგილისკენ. იქიდან უმშვენიერესი ხედი იშლება. ნერგები უცებ დავრგეთ და მეტიჩარა მზის სხივებით, მშვენიერი გარემოთი და ერთმანეთის საზოგადოებით დავტკბით!
ფოტოებს ვისესხებ ვინმესგან და დავამატებ :)

შეპირებული ფოტოები:
ჩვენ დიდ დიღომში ხეების დარგვისას




























ფოტოების ავტორი: სავარაუდოდ Vanski




სუუულ ზედა ფოტოს წყარო: http://www.thueringenreisen.de/goethe/21365/Baeume-pflanzen---Das-Firmenevent-mit-Nachhaltigkeit.html

No comments: