Monday, April 12, 2010

დედას

ღვთის წყალობით, თუკი დედა ვიქნები, ძალიან ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუკი ჩემს შვილებს ისევე დაუვლით ჟრუანტელი, როგორც მე, როდესაც იმ სიტყვებს წაიკითხავენ, რაც ჰელენ ექსლის სასაჩუქრე წიგნების რუბრიკიდან საყვარელი დედისადმი მიძღვნილ წიგნშია.
მაშ, ასე:


მხოლოდ დედა
დედებმა იციან, თავს როდის იკატუნებ.

***
მხოლოდ დედას შეუძლია, თავისი ალერსი ფოსტით გამოგიგზავნოს.

***
დედები ახერხებენ, რომ საქმე მოცალეობის დროსაც აკეთონ.

***
მარტო დედა თუ შეძლებს განსხვავებული პიროვნებების ნაზავისგან ოჯახი შეკრას.
***
მხოლოდ დედას შეუძლია ისწავლოს სამყაროს დანახვა შვილის თვალებით.
რომ არ შეეძლოს, განა თოვლ-ჭყაპში შუა ქუჩაში დადგებოდა - ჩაბღუჯული პატარა წებოვანი ხელის მტევნით - და ორმოში ვიღაც მუშას მიაჩერდებოდა?

***
მხოლოდ დედა გეტყვის მტკივნეულ სიმართლეს.

***
მხოლოდ დედები მოგკივიან კუდში იმ ნივთების ქნევა-ფრიალით, შინ რომ გრჩებოდა.

***
დედები მუდმივად სადარაჯოზე დგანან.


გმადლობ
მადლობელი ვარ, რადგან შენგან ნასწავლი ლექსები და სიმღერები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მზის ჩასვლა პირველად შენ მაჩვენე. რომ ჩემთან ერთად სეირნობდი შხაპუნა წვიმაში. რომ ხრაშუნით მივუყვებოდით ზამთრის ზღვის ნაპირს. გმადლობ, რომ კენჭების, ნიჟარებისა და ხის გამხმარი ტოტების შინ წამოღებას არ მიშლიდი. გმადლობ ჩემი ნაპოვნი კნუტის შეკედლებისთვის. სიცოცხლით ამ აღფრთოვანებისთვის მადლობას გიხდი.
***
მადლობელი ვარ, რომ მიმეორებდი: „ძალას ნუ დაზოგავ. იმუშავე საკუთარ თავზე. და თუ საქმე არ გამოგდის, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე.“ ამით ბევრ სადარდელს ამარიდე.

***
გმადლობ, რომ „ხომ გეუბნებოდი“ არასდროს გითქვამს. უფრო სწორად - ხშირად არ გითქვამს. 
გმადლობ, რომ ყოველთვის ჩემ გვერდითა ხარ. თავს არაფერს მახვევ, არაფერს ითხოვ.
უბრალოდ - მხარში მიდგახარ.
შენთვის დრო და საათი არ არსებობს, რომ ჩემთვის რჩევა დაიზარო - ხველების, ორთოგრაფიის, კარგი წიგნების, ლექსების, მოცარტის, მეგობრის შესაფერი საჩუქრების, საბიბლიოთეკო წიგნების თუ კროსვორდების შევსების ხერხთა შესახებ.
განა მხოლოდ ეს.
თუ საჭიროა, მზად ხარ ჩაიცვა და მოხვიდე. დაუფიქრებლად.
შენს მხარზე შემიძლია ცრემლით გული მოვიოხო.
შენ გიზიარებ ახალ ამბებს.
საკუთარ სისულელეზე შენ შემიძლია გაგაცინო.
საოცარია, მაგრამ უშრეტია ძალა შენი სიყვარულისა - იმის მიუხედავად, რას ვაკეთებ ან როდის ვაკეთებ.

გაგრძელება იქნება... :)

No comments: