Tuesday, April 27, 2010

თამარის საყდარი, ქვაგახეთქილა, შქმერი ივანე მაჩაბლის მოგონებებიდან

ამონარიდი ვახტანგ ჭელიძის წიგნიდან „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ (1957)

1892 წლის ზაფხულს ივანე მაჩაბელი ქვისლს სტუმრობდა იმერეთში, ბეჟან წერეთელს, აქვე ატარებდა ზაფხულს აკაკი წერეთელიც...
„მაჩაბელი მოხიბლა ზემო იმერეთის სიკეკლუცემ. ასეთი მშვენიერი არაფერი მინახავსო... წერეთლებს ეცინებოდათ. ჯერ სადა ხართ, ნამდვილ მშვენიერებასა და ბუნების სიდიადეს აწი გაჩვენებთო...
და მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ამ მოგზაურობის დროს იხილა მაჩაბელმა.
რაკი შორს მიემგზავრებოდნენ, ქალები არ წაუყვანიათ, ვერც ნაავადმყოფარმა პოეტმა გაბედა წასვლა. საგულდაგულოდ შეარჩიეს მთის გზებს შეჩვეული ცხენები და დილაადრიან გაუდგნენ გზას. მასპინძლის განზრახვა იყო, სტუმრებისთვის ეჩვენებინა თამარის საყდარი, რომელზედაც სწორედ იმ ხანებში რამდენიმე საყურადღებო ცნობა დაიბეჭდა გაზეთებში.
საუკუნეების განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული იდუმალ კლდეზე რაღაც უხილავი ძალით აშენებული ტაძარი, რომელშიაც, გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფის ოქროს კუბო ასვენია და ჩაუქრობელი კელაპტრები უნთია. მხოლოდ ახლა მოეხერხებინა ერთ რაჭველ გლეხს ციცაბო კლდეში კიბეების  გამოჭრა და იმ ტაძრამდე ასვლა. ეს საყდარი რაჭის საზღვრებში მდებარეობს, შქმერსა და ბოყვას შორის.
მგზავრები ცხენებს მიაჩქარებდნენ, რათა დროულად ჩასულიყვნენ და ტაძრის დათვალიერება მოესწროთ. საცალფეხო გზა დაბურული ტყის ნაპირებს მიჰყვებოდა. მთის გამაცოცხლებელმა ჰაერმა, გარეულ მცენარეთა და ყვავილთა დამათრობელმა სურნელმა, პეიზაჟების სიმშვენიერემ და მთელი ბუნების გრანდიოზულობამ უჩვეულოდ გაახალისა მაჩაბელი. იგი მალიმალ შეაჩერებდა ხოლმე ცხენს და გასქეროდა მზით დაფერილ ჰორიზონტს, რომელიც შორს, შორს თეთრად გადაპენტილ ღრუბლებს უერთდებოდა. წინ მედიდურად ამართულიყვნენ მარადი თოვლით დაფარული კავკასიონის ბუმბერაზი მთები, რომლებიც სპეტაკი მწვერვალებით თითქოს ზეცას ებჯინებოდნენ. „ბუმბერაზ მთანი მაღალნი, ცათამდე აყუდებულნი“... აგონდება ოცნებაში წასულ მაჩაბელს საყვარელი პოეტის სიტყვები. მაგრამ ბეჟანი დაურღვევს ტკბილ ოცნებას, იგი აჩქარებს, უნდა დროზე ჩაიყვანოს ადგილზე და მაჩაბელიც სინანულით შენიშნავს შემდეგ: „...მივაჩქარებდით ცხენებს... აღარ ვაქცევდით ყურადღებას არც მშვენიერ მთის ჰაერს, რომელიც შქმერის არემარეს დაჰბერავდა, არც მრავალფრად აყვავებულს მუხლამდე ამომწდომს მთის ბალახს, რომლის მსგავსს ბარში კაცი ვერას ნახავს, არც შუა ზაფხულში თოვლით დატვირთულს ახლო-მახლო მთებს, საიდანაც საამო ნიავი გულს გვიგრილებდა...“
შუადღე იქნებოდა, როცა განთქმულ ქვაგახეთქილას მიაღწიეს. აქ კი აღარაფრით არ შეიძლებოდა არ შეჩერებულიყვნენ და საქართველოს ბუნების მთელი მშვენიერება არ განეცადათ.
„... მივაღწიეთ ქვაგახეთქილას, საიდანაც უეცრად ისეთი სურათი წარმოგვიდგა თვალწინ, რომ გრძნობა-გონება დაგვიტყვევა და სხვა აღარაფრისათვის მოგვაცალა, - წერს მაჩაბელი, -ზემო იმერეთიდან რაჭის დედა-ქალაქ ონამდე დიდი გზაა მიმავალი და ეს გზა, სხვათა შორის, ერთს ალაგას ვეება კლდეს შეხვდება. ეს კლდე რაღაც ძალას შუა გაუპია, შუაზედ გზა დადებულა და აი სწორედ ამ ალაგს ეძახიან ქვა-გახეთქილას. აქეთ-იქით აყუდებულნი კლდენი ჩარჩოს ხეებსავით დგანან, თითქოს მშვენიერის ნახატის შემოსაზღუდად, და მართლაც უეცრად ამ ორ კლდეთა შორის ისეთი სურათი წარმოგიდგებათ, რომელსაც აღარ გინდათ თვალი მოაშოროთ. თითქოს ძლიერის აშლილობის დროს, როცა მთაგორებს უხილავი ქვესკნელის ძალა მაღლა ისროდა და ერთი-ერთმანეთს აყრიდა და აზვავებდა, ბუნება გაშეშებულიყოს და საუკუნოდ დარჩენილიყოს ნიშნად უფსკრულის ძალთა არევდარევისა. მთა მთას მისდევს, გორა - გორას, ვაკეს თითქმის ვერსად ხედავთ და მხოლოდ ორგან იმ უსწორ-მასწორო სურათს ზოლივით ხაზები აქვს გავლილი. ერთი ბუნებას გაუკვალავს და მასზედ მიაგორებს შფოთიან რიონის ზვირთებს, მეორე არის ნაყოფი ხელოვნებისა, დიდი ფოსტის გზა, რომელიც მამისონის უღელტეხილს ქუთაისს უერთებს. ამ ერთმანეთთან გადახლართულ მთა-გორებში ადამიანს, სადაც მოუხერხებია, თავისი სადგურები მთის კალთებისათვის მიუკრავს და წვითა და დაგვით ცდილობს უწყალო ბუნებას ორი მტკაველი მიწა, თუ ნებით არა, ძალით მაინც გამოაცალოს. რიონსა და გზას იქით სჩანან თვალუწვდომელი კავკასიის მთები, ისე ახლო, თითქო ხელი რომ გააწვდინოთ, შეხება არ გაგიჭირდებათო. ხედავთ ბურუსში გახვეულ მწვერვალთ, გრძნობთ თითქოს მათგან მობერილ სიცივის ჟრუანტელს, თვალს გტაცებთ ყინულის სპეტაკი მდინარე, ორ მაღალ მთას შორის ნელად და უჩინრად თავქვე დაბლობისაკენ მიმავალი...“...
მაჩაბელს თვალები გაუშტერდა, ერთბაშად თითქოს რაღაც ძალამ აიტაცა და სამყაროს დაუსრულებელ მოძრაობაში შეაგდო. თითქოს აშკარად გრძნობს და განიცდის სამყაროს ვეებერთელა სხეულების დაუცხრომელ სრბოლვას, და თითქოს თვითონაც ბუნების ამ მარადიულ ფერხულში ჩაბმულა... ...
გზაზე დაბალ-დაბალი კაცი გამოჩნდა, რომელსაც შუბლზე ხელი მოეჩრდილა და მოეშურებოდა. უცნობი შორიდანვე მიესალმა მოგზაურებს.
- შუადღე მშვიდობისა, თქვენი ჭირიმე!
მაჩაბელს ეს კაციც ეუცნაურა და მისი სალამიც. ქართლში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამბობენ „დილა მშვიდობისა“, „საღამო მშვიდობისა“, მაგრამ „შუადღე მშვიდობისა“ პირველად აქ გაიგონა...
უცნობს საყდრამდე მიმავალი მოკლე გზა ჰკითხეს. სამიოდე ვერსი ჰქონდათ გასავლელი. თავქვე დაეშვნენ. მართლაც უცნაური გამოდგა ეს კაცი, ქარაგმებით ლაპარაკობდა, ნახევარიც ვერა გაიგეს მისი ნათქვამისა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ კაცს გაეკეთებინა კლდეში საყდრამდე ასასვლელი კიბე. მოგზაურები დაინტერესდნენ, ჩაეკითხნენ, შიგ თუ მოახერხე შესვლა, ან რა ნახეო. უცნობი კვლავ ქარაგმებზე გადავიდა და მისი პასუხისა ვეღარაფერი გაიგეს. ცოტა რომ გაიარეს, ხელმარჯვნივ ოთხმოცამდე საჟენის სიმაღლეზე ციცაბო კლდე აღიმართა. სწორედ ამ კლდეში საუკუნეების წინათ ჩაუდგამთ საყდარი. მაგრამ რა ხელმა ააშენა, რა ხელმა ჩადგა?! კლდის ძირიდან თხუთმეტიოდე საჟენის სიმაღლეზე სიპი ქვა თითქოს განგებ შიგნით შეწეულა, პატარა მოედანი გაკეთებულა და ამ მოედანზე დგას ტაძარი.
„საყდარი თვითონ პატარაა, - წერს მაჩაბელი, - თითქოს ბანჩანგრეული; ცალ მხარეს კარები აქვს მიბმული, რომელზედაც კლიტეც ჩანს. შუაში პატარა ოთხკუთხედი ფანჯარაა დატანებული, ცოტა მოშორებით საყდრის სისწორეზედ მღვიმეებია კლდეში და ერთ მღვიმემდე საყდრის კარებიდან მარცხნივ ბილიკია თითქოს გავლებული, რომელსაც ხარიხებად უბრალო ხეები აქვს გაწყობილი... საყდრამდე სიპი კლდე 12-14 საჟენის სიმაღლეა; მაგრამ ვიდრე კლდის ძირამდე მიხვალთ, რამდენი შიში და გულისტრიალი უნდა გამოიაროთ: ადიხართ ფოფხვით, ებღაუჭებით ბუჩქებს, ზოგან ბალახებსაც კი, რომელნიც შეიძლება ხელში შეგრჩეთ და თავქვე დაეშვათ, მაგრამ ზოგან ბალახიც არ არის და უნდა ნება-უნებურად გამოშვერილ წვრილ კენჭებს მოეჭიდოთ, რომ კიბის ძირამდე ახვიდეთ“...
საყდრამდე ასვლა მაინც ვერ მოახერხეს, რადგან ამ რაჭველი გლეხის მიერ ხის ლართხებით გაკეთებული კიბე, რომელიც მის მიერვე კეტით დახვრეტილ კლდეშია გამაგრებული, ხაფანგდადებული და კლიტით დაკეტილი დახვდათ: ხუთ საფეხურს ზევით ასვლა აღარ შეიძლებოდა. გუბერნატორს აეკრძალა კიბეზე ასვლა, რადგან ეს დიდ საშიშროებასთან იყო დაკავშირებული.
შთაბეჭდილება დიდი იყო და მაჩაბელი მეტისმეტად აგზნებული ბრუნდებოდა შინ, მთელს გზაზე ხმა არ ამოუღია, ცხენისათვის სადავე მიეშვა და ოცნებაში წასულიყო...“

No comments: